რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სკოლების მშენებლობას იწყებს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სკოლების მშენებლობას იწყებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გამართა და სამშენებლო კომპანიებს გამოსაცხადებელი ტენდერები წინასწარ წარუდგინა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფონდი 22 მუნიციპალიტეტში, 27 სკოლის მშენებლობას იწყებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 68 მილიონი ლარია.

ღია კარის დღეს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ესწრებოდნენ.

„დღეს გვქონდა უკვე ტრადიციად ქცეული შეხვედრა სამშენებლო სექტორთან, ღია კარის დღე, სადაც სამშენებლო კომპანიებს ვაცნობთ იმ პროექტებს, რომლის ტენდერების გამოცხადებასაც ვგეგმავთ უახლოეს მომავალში. ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ ინფრასტრუქტურული პროექტებისა, რომელიც განათლების სფეროში ამ წლიდან გვაქვს განსახორციელებელი. წელს განათლების სფეროს ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა გაორმაგდა. განათლების სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის არის გაფორმებული მემორანდუმი, რომლის საფუძველზე უშუალოდ მუნიციპალიტეტებს სახელმწიფოსგან ექნებათ დამატებითი დაფინანსება იმისთვის, რომ მათ განახორციელონ სკოლების მცირე სარემონტო სამუშაოები. ჯამში, ეს ყველაფერი უზრუნველყოფს უფრო მაღალ სტანდარტებს სკოლებში და ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის კომფორტულ გარემოში წარმართვას“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიზანია, სატენდერო პროცედურები უფრო მეტად გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს. დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ჰქონდეთ ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტებს, უკეთ მოემზადონ და კონკურენტულ გარემოში უზრუნველყოფილი იყოს ღია და თანაბარი პირობები. გარდა 27 სკოლისა, მუნიციპალურ განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში ევროპის საბჭოს ბანკის (CEB) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO) დაფინანსებით 31 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება აქვს დაგეგმილი.

ასევე, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ათეულობით სკოლის რეაბილიტაცია, მათ შორისაა ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ ზარზმისა და მოხის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია. როგორც მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, სკოლების ინფრასტრუქტურული საჭიროებები შესწავლილია მთელ საქართველოში, მათი რეაბილიტაცია იგეგმება მაღალმთიან რეგიონებშიც.

„განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, შევარჩიეთ ის რეგიონები, სადაც საჭიროა ახალი სკოლების მშენებლობა, ან მათი კაპიტალური შეკეთება. სამწუხაროდ, რამდენიმე სოფლიდან ბავშვებს უწევთ ერთ სკოლაში სიარული, ვცდილობთ, ჩვენი გეოგრაფიული დაფარვა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი, რადგან ყველა რეგიონს სჭირდება სკოლა. მაღალმთიანი რეგიონებიც ჩვენი ყურადღების ცენტრშია, სკოლების რეაბილიტაციაც და ახალი სკოლების მშენებლობაც ყველა რეგიონს შეეხება“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.