რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - საუბარი იმაზე, რომ საფრთხის შემცველ ნაგებობებთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება კანონს არ შეესაბამება, უსაფუძვლოა
გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელითაც მთავრობის გადაწყვეტილება, მოხდეს უსახური ანდა საფრთხის შემცველი ნაგებობების დემონტაჟი, რეკონსტრუქცია, აღდგენა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ნეგატიურ კონტექსტშია წარმოჩენილი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყებაში აცხადებენ, რომ სიუჟეტი ეფუძნება მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა დაუსაბუთებელ ვარაუდებს, არ ასახავს სახელმწიფო უწყებებისგან გამოთხოვილ ობიექტურ ინფორმაციას და მეტიც, მასში არ იყო გამოყენებული სიუჟეტის მომზადების დღეს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პასუხი.
„როგორც მინისტრმა აღნიშნა, განსაზღვრულია მოქმედებები, რომლებიც უსახურ შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების ეფექტიან და კანონთან შესაბამის განხორციელებას ხელს უწყობს და საუბარი იმაზე, რომ პროექტი კანონს არ შეესაბამება, რეალობას მოკლებულია. მოცემულ ეტაპზე უკვე იდენტიფიცირებულია მუნიციპალურ, სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული შენობები, რომლებსაც რეაბილიტაცია ან დემონტაჟი სჭირდებათ. მათ მდგომარეობასთან დაკავშირებით დაწყებულია შესაბამისი ექსპერტული დასკვნების მიღების პირველი ეტაპი.
სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში დასკვნის მისაღებად უკვე გაგზავნილია 209 ნაგებობის მონაცემები. გადაწყვეტილება თითოეული შენობის პრივატიზებასა თუ დემონტაჟზე მიიღება დასკვნის მიხედვით. ამჟამად ექსპერტიზის სხვადასხვა ეტაპზეა 17 შენობა. პროცესში ჩართულია ეკონომიკის სამინისტრო და ქონების მართვის სააგენტო. განსაზღვრულია ის მოქმედებებიც, რომლებიც ხელს შეუწყობს პროექტის არა მხოლოდ ეფექტიან, არამედ კანონთან შესაბამის განხორციელებასაც.
კონკრეტულ შენობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, შესაბამის მომსახურებაზე ხელშეკრულების გაფორმება მოხდება კანონით გათვალისწინებული პროცედურებით, მათ შორის ტენდერის, პირდაპირი შესყიდვის და სხვა გზით. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ მთავრობის გადაწყვეტილება კანონს არ შეესაბამება, არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, – აღნიშნულია განცხადებაში.