დავით ნარმანია აცხადებს, რომ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი უცვლელი რჩება
რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი უცვლელი, 56 თეთრი რჩება, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მას შემდეგ, რაც თბილისისთვის დავასრულეთ ბუნებრივი აირის ტარიფების გაანგარიშება, ჩვენ მივუბრუნდით რეგიონებს. დღეს ვადგენთ „სოკარისა“ და საქორგგაზის სამოქმედო არეალში ბუნებრივი აირის ტარიფს, სადაც ასევე აირზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის და პრაქტიკულად რჩება უცვლელი ბუნებრივი აირის ტარიფები მოსახლეობისთვის. ასე რომ, ნამდვილად მისასალმებელია, რომ ჩვენ შევძელით და მოვახერხეთ, შესაბამის კომპანიებთან აქტიური მუშაობით შეგვენარჩუნებინა ბუნებრივი აირის ფასები“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ნარმანიას თქმით, სემეკი სამომხმარებლო ტარიფებს რეგიონებისთვის ექვსი თვის ვადით ადგენს.
„ძალიან დიდი მუშაობისა და წვალების შედეგად მოვახერხეთ ის, რომ დაგვედგინა ტარიფები, თუმცა ხაზგასასმელია ის, რომ ჩვენ სამომხმარებლო ტარიფებს რეგიონებისთვის ვადგენთ დროებით, ექვსი თვის ვადით, ხოლო ექვსი თვის შემდეგ მოგვიწევს გადახედვა, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ მოსალოდნელი არ იქნება ტარიფების ზრდა. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის უკვე განხორციელებული ინვესტიციების ასახვა-დადასტურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასე რომ, ეს არის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი, რატომაც ჩვენ სამწლიან ტარიფს არ ვადგენთ, თუმცა როგორც კი ეს მოლაპარაკებები დასრულდება, გრძელვადიან ტარიფს დავადგენთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც „სოკარისა“ და საქორგგაზის სამოქმედო არეალში ბუნებრივი აირის ტარიფს დაადგენენ.