რეგიონებში ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობა იწყება
რეგიონებში ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობა იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ცხოველთა თავშესაფრების მოწყობას იწყებს.

რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში კომპანიონ ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდი ტენდერებს წლის ბოლომდე გამოაცხადებს, სხვა რეგიონებში კი, მომავალ წელს. 2019 წელს თავშესაფრის აშენება ყველა რეგიონში იგეგმება.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, მიუსაფარ ცხოველთა სიმრავლის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ კახეთში დგას, სადაც  დაავადებებისა და ეპიდემიის გავრცელების რისკი დიდია, ასევე ხშირია ადამიანების დაკბენის შემთხვევები. თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 2017 წელს ძაღლებმა 321 ადამიანი დაკბინეს და აქედან 224 ბავშვია.

ცხოველთა თავშესაფარი განთავსდება შემოღობილ ტერიტორიაზე და აღიჭურვება ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლიერებითა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 715 ათასი ლარია.

კომპანიონ ცხოველთა კახეთის რეგიონალურ თავშესაფარში იმუშავებს 24-საათიანი „ქოლცენტრი“, რომლის მეშვეობითაც მოხდება გამოძახება ცხოველის თავშესაფარში გადასაყვანად. თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახლის მოძიების მიზნით ღონისძიებების გატარება, ცხოველთადაცვით ორგანიზაციებთან ერთად ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება.

მუნიციპალური თავშესაფარი არაკომერციული დაწესებულებაა, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველთა პოპულაციის მართვას, კომპანიონი კი არის ცხოველი, რომელიც ადამიანს ჰყავს ესთეტიკური თუ სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ის ადამიანის მიერ მოვლა-პატრონობას ექვემდებარება.