რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 58 448 მომხმარებელს შეუმცირდება
რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 58 448 მომხმარებელს შეუმცირდება

რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 58 448 მომხმარებელს შეუმცირდება, – ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ აქვეყნებს, რომელმაც ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2018 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 58 448 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

„შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 7 პროცენტამდე შეუმცირდათ. დღესდღეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 2 677 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც „საზოგადოება და ბანკებში“ აღნიშნავენ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება დადებითად აისახება საპროცენტო განაკვეთებზე და გაზრდის ლარის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, რაც ბოლო დროს განხორციელებული რეგულაციების პირობებში მნიშვნელოვანია.

„ვფიქრობთ, დაბალი ინფლაციის და სტაბილური გაცვლითი კურსის პირობებში, მომავალ პერიოდში რეფინანსირების განაკვეთის მკვეთრ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

„საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 ივნისიდან 1 ივლისამდე გაცემული სესხების რაოდენობა  2 887-ით გაიზარდა, ხოლო მთლიანი პორტფელი – 2 389 მილიონიდან 2 677 მილიონ ლარამდე. 58 448 ხელშეკრულებიდან 18 877 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი, 321 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო  სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ივლისის მდგომარეობთ 16.3 პროცენტი შეადგინა.

ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ივლისის მონაცემებით 21 224 სესხია მიბმული, საშუალოდ 12.06 პროცენტში. მთლიანი პორტფელი კი, 841.1 მილიონი ლარია. 14 918 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 1303,92 მილიონი ლარს შეადგენს. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 488,2 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.9 პროცენტში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი, 1 ივლისის მონაცემებით 815,7 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11.4 პროცენტში.

ამავე ინფორმაციით, ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ივლისის მონაცემებით, 802 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 13,825 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 18.1 პროცენტში გაასესხეს.

ასევე, გაცემულია 2 412 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 50,8 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 ივლისის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 25.62 პროცენტია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნესსესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 1282,30 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 12.5 პროცენტიდან დან 12.7 პროცენტამდე გაიზარდა.

„საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ინფლაციის დაბალმა მაჩვენებელმა და გაცვლითი კურსის სტაბილურობამ განაპირობა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.0 პროცენტს შეადგენს.