საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 6.5 პროცენტზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ეროვნულ ბანკში განმარტეს, რომ მაისში წლიური ინფლაციის 4.7 პროცენტამდე გაზრდაზე ერთჯერადმა ფაქტორებმა მოახდინა გავლენა. კერძოდ, წლის დასაწყისში თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მატების წვლილი, წლიურ ინფლაციაში, 1.3 პროცენტული პუნქტი იყო. ასევე საერთაშორისო ბაზრებზე ბენზინის ფასების ზრდა დაფიქსირდა, რამაც ნავთობპროდუქტები ადგილობრივ ბაზარზეც გააძვირა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია მიზნობრივ დონეს მომავალი წლის დასაწყისში მოუახლოვდება.
„არსებული პროგნოზების მიხედვით, მოსალოდნელია, რომ სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია, ერთჯერადი (ეგზოგენური) ფაქტორების ამოწურვის შემდეგ, მომავალი წლის დასაწყისიდან შემცირებას დაიწყებს და მიზნობრივ დონეს დაუახლოვდება. ერთობლივი მოთხოვნა კვლავ ჩამორჩება მის პოტენციურ დონეს და, შესაბამისად, მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური წნეხი კვლავ სუსტი რჩება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მხედველობაში იღებს ასევე ინფლაციის მოლოდინების ზრდის რისკებს და, აღნიშნულის გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ნორმალიზაციის პროცესს ნელი ტემპით გააგრძელებს. ამ ეტაპზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია განაკვეთის უცვლელად დატოვება“, – აღნიშნეს ეროვნულ ბანკში.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს და, როგორც უწყებაში განმარტავენ, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს.