რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, შვეიცარიის მოქალაქეები მე-13 პენსიას მიიღებენ
შვეიცარიის მოქალაქეებმა საკუთარ თავს მე-13 პენსია დაუნიშნეს. შესაბამის საკითხს შვეიცარიის მოქალაქეებმა საყოველთაო რეფერენდუმზე დაუჭირეს მხარი. ამრიგად, მე-13 პენსიას შვეიცარიის მოქალაქეები ამიერიდან ყოველ წელს მიიღებენ.
მიუხედავად მთავრობის გაფრთხილებისა, რომ პენსიის დანიშვნა ძალიან ძვირად დაუჯდება ბიუჯეტს, მოქალაქეთა 60%-ზე მეტმა მაინც დადებითი პასუხი გასცა რეფერენდუმზე პენსიის შესახებ დასმულ კითხვას.
პენსიის გაზრდის ინიციატივა შვეიცარიის პროფკავშირებს ეკუთვნოდა, თუმცა მას არ დაეთანხმა მთავრობა, პარლამენტი და ბიზნესსექტორი. შვეიცარიის მოქალაქეებმა ეს არ გაითვალისწინეს და მე-13 პენსიის დანიშვნის შესახებ რეფერენდუმი ჩაატარეს, რომლის შედეგსაც პროფკავშირებმა ისტორიული გამარჯვება უწოდეს.
შვეიცარიაში პენსია თვეში 2 250 ევროს შეადგენს, თუმცა ბევრი ამბობს, რომ ეს არაა საკმარისი ქვეყანაში საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად. შვეიცარიის ქალაქებში ცხოვრება, განსაკუთრებით ციურიხსა და ჟენევაში, მსოფლიოში ყველაზე ძვირი ჯდება. განსაკუთრებით ძვირია სავალდებულო დაზღვევის გადასახადი, რის გამოც მოხუცებს მისი გადახდა უჭირთ. ამიტომ ბევრ შვეიცარიელს 70 წლის მიღწევის შემდეგაც უწევს მუშაობა.
ცნობისთვის, შვეიცარიის მოქალაქეები ასევე ყოველ წელს იღებენ მე-13 ხელფასს, რომელიც მათ ნოემბერში ერიცხებათ.