ესპანეთის ლა ლიგაში მადრიდის „რეალმა“ მორიგი შეხვედრა გამართა. ამჯერად, სამეფო კლუბი „უესკას“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
მატჩის პირველ ტაიმში გუნდებმა რეალური საგოლე მომენტები ვერ შექმნეს, შესაბამისად პირველი ნახევარი 0:0 დასრულდა.
თამაშის მეორე ნახევარი გუნდებმა შედარებით უფრო აქტიურად დაიწყეს. 48-ე წუთზე გალანმა საჯარიმოს ხაზიდან ბურთი შორეულ კუთხეში გაგზავნა, ულამაზესი გოლი გაიტანა და მასპინძლები დააწინაურა. წონასწორობის აღდგენა „რეალმა“ მალევე მოახერხა. 55-ე წუთზე ბენზემას საჯარიმო დარტყმა ხარიხას მოხვდა, ბურთი უცნაური ტრაექტორიით მეკარის საჯარიმოში დაეშვა, საიდანაც ვარანმა თავური დარტყმით ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. მადრიდელებმა საბოლოო ანგარიში 84-ე წუთზე დააფიქსირეს. ტონი კროოსის ჩაწოდების შემდეგ კაზემირომ ბურთი კარში თავით გადაგზავნა, „უესკას“ მეკარემ მოგერიება მოახერხა, მაგრამ დამატებაზე ისევ ვარანი აღმოჩნდა, დუბლი შეასრულა და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.
მადრიდის „რეალს“ 21 ტურის შემდეგ 43 ქულა დაუგროვდა. ზიდანის გუნდმა „ბარსელონას“ ლა ლიგის ცხრილში გადაასწრო, მაგრამ კატალონიელებს ხვალ, 7 თებერვალს „ბეტისის“ წინააღმდეგ უწევთ თამაში.