„რეალი" 96-ე წუთზე გატანილი პენალტით გადარჩა და ნახევარფინალში გავიდა [ვიდეო]
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კინაღამ მეორე იტალიური სასწაული მოხდა. ტურინის “იუვენტუსს”, რომელსაც პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალთან” 0:3 ჰქონდა წაგებული, სულ მცირე დააკლდა ნახევარფინალში გასასვლელად.
საპასუხო მატჩში “სანტიაგო ბერნაბეუზე” ტურინელებმა უკვე 76-ე წამზე გახსნეს ანგარიში – სამი ხედირას პასით მარიო მანჯუკიჩმა გაიტანა. მანვე 37-ე წუთზე დუბლი შეასრულა შტეფან ლიხტშტაინერის ჩაწოდების შემდეგ.
მეორე ტაიმში ბლეზ მატუიდიმ მესამე გოლი გაიტანა და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა – 3:3.
ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, როცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, “იუვენტუსის” მცველმა მეჰდი ბენატიამ საჯარიმოში უკნიდან წააქცია ლუკას ვასკესი და ინგლისელმა არბიტრმა მაიკლ ოლივერმა სამართლიანად დანიშნა 11-მეტრიანი.
გარდა ამისა, პროტესტის აქტიურად გამოხატvისთვის მოედნიდან გააძევა ტურინელთა მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი.
კარში პოლონელი შჩესტნი ჩადგა, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუს პენალტი ვერ მოიგერია.
“იუვენტუსმა” 3:1 მოიგო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში 3:4 დამარცხდა და ნახევარფინალში “რეალი” გავიდა.