რეაბილიტირებული ორბელიანის მოედანი დღეს, 20:00 საათზე საზეიმოდ გაიხსნება. გახსნის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართება კონცერტი, სადაც მსმენელის წინაშე წარდგებიან ქართული ესტრადის ვარსკვლავები, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. კონცერტზე შესრულდება ქართველი კომპოზიტორების მიერ დაწერილი სიმღერები.
ორბელიანის მოედანზე და მის მიმდებარედ რეაბილიტირებულ ქუჩებზე დასუფთავების სამუშაოები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ასევე გაიმართა კონცერტის გენერალური რეპეტიცია, რომელსაც დედაქალაქის მერი კახი კალაძე დაესწრო.
„პირველ ეტაპზე გაკეთდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, შემდეგ უკვე განხორციელდა ნაგებობების აღდგენა-რეაბილიტაცია. აქ 20 ნაგებობიდან 13 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ყველა მათგანი შენარჩუნებულია. 3 ივნისს, 20:00 საათზე აქ იქნება მოედნის გახსნის საზეიმო ღონისძიება, სადაც სტუმრებს ლამაზი სანახაობა და საინტერესო შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი ელოდებათ. ვეპატიჟებით ყველას, თბილისელებს თუ დედაქალაქის სტუმრებს. მობრძანდით და შეაფასეთ ჩვენი ნამუშევარი. თუმცა ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. ეს არ არის ერთადერთი მასშტაბური პროექტი. ჩვენ არაერთ მსგავს პროექტს ვახორციელებთ და კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ მუშაობა იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ძეგლის რეაბილიტაცია მოხდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია 2017 წლის ივნისიდან დაიწყო და სამუშაოებს ჯამში ორი წელი დასჭირდა.