რაულ ხაჯიმბას გადადგომის შესახებ ინფორმაციას აქციის მონაწილეები ოვაციებით შეხვდნენ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომის შესახებ ინფორმაციას ხაჯიმბას რეზიდენციასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ოვაციებით შეხვდნენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ხაჯიმბას რეზიდენციასთან შეკრებილ რამდენიმე ასეულ ადამიანთან ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერი სერგეი შამბა გამოვიდა და რაულ ხაჯიმბას მიერ გადადგომის შესახებ განცხადება წაიკითხა.
რაულ ხაჯიმბა დღეს ოპოზიციური ბლოკის ლიდერს, ასლან ბჟანიასაც შეხვდა, რომელმაც დე ფაქტო პრეზიდენტს პოსტის დატოვება მოსთხოვა.
სოხუმში იმყოფება რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი ვლადისლავ სურკოვიც, რომელსაც ოპოზიციონერ ასლან ბჟალიასთან მოლაპარაკება უნდა გაემართა. ამ დროისთვის უცნობია, შედგა თუ არა მათ შორის შეხვედრა.
აქციის მონაწილეები ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას 9 იანვრიდან ითხოვდნენ.