რაულ ხაჯიმბამ ე.წ. შს მინისტრი გარი არშბა თანამდებობიდან გაათავისუფლა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. შს მინისტრი გარი არშბა თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ადგილობრივი მედიით ინფორმაციით, მანამდე ოკუპირებულ სოხუმში საპროტესტო აქცია გაიმართა გარი არშბას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების და ქვეყნიდან გაძევების მოთხოვნით.
მათივე ინფორმაციით, თავისუფლების მოედანზე 300-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი 22 ნოემბერს სოხუმის ცენტრში კაფე „სან-რენოს” წინ მოკლული ასტამურ შამბას და ალხას ავიძბას ნათესავები არიან. მათ უკვე მიმართეს ხაჯიმბას გარი არშბას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით.
22 ნოემბერს სოხუმში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს ე.წ. კანონიერი ქურდები ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა. მძიმედ დაიჭრა სამი ადამიანი. ერთ-ერთი ახალგაზრდა გოგონას მდგომარეობა ამ დრომდე უმძიმესია. ე. წ. აფხაზურ მილიციას ჯერ საქმეზე არავინ არ დაუკავებია.