რაულ ხაჯიმბა ვლადიმერ პუტინთან სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხს განიხილავს
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხს განიხილავს.
შეხვედრა 6 აგვისტოს სოჭში გაიმართება. მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელმა თქვა, რომ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ეკონომიკური და ფინანსური საკითხები, ასევე აეროპორტი იქნება.
რაულ ხაჯიმბას თქმით, ამჟამად სოხუმის აეროპორტის აღსადგენად საჭირო დოკუმენტაცია მზადდება, რაც ასევე გულისხმობს სპონსორის დაინტერესებას.
ოკუპირებულ აფხაზეთში ქალაქ სოხუმის აეროპორტი 1960-იან წლებში აშენდა და 1993 წლამდე ფუნქციონირებდა. სოხუმში მყოფმა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა აეროპორტის აღდგენის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ივლისში მიიღეს. მარიონეტულმა რეჟიმმა სოხუმის აეროპორტი როსტოვის საჰაერო ზონას მიაკუთვნა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო ფრენების განხორციელება შეუძლებელია, რადგან ეს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წესებს და საქართველოს კანონმდებლობას არღვევს.