რაულ ხაჯიმბა რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევს შეხვდა
რაულ ხაჯიმბა რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევს შეხვდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, რომლის არჩევნებიც „სასამართლომ“ უკანონოდ ცნო, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილეს, რაშიდ ნურგალიევს შეხვდა. ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, მუჰამედ კილბამ განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მისი თქმით, ხაჯიმბამ და ნურგალიევმა აფხაზეთში შექმნილი ვითარება განიხილეს და განსაზღვრეს რიგი ღონისძიებები, რომლებმაც სიტუაცია უნდა დაასტაბილუროს და არ დაუშვას შეტაკებები. კილბას თქმით, შაბათს და კვირას „აფხაზეთის ხელისუფლება“ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილესთან, ასევე რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების დელეგაციის წევრებთან კონსულტაციებს გააგრძელებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გარდა, იგეგმება „აფხაზეთსა და რუსეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის სხვა საკითხების განხილვაც“.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის მიერ 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით, განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.