რაულ ხაჯიმბა ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას არ გამორიცხავს
რაულ ხაჯიმბა ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას არ გამორიცხავს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მიმართვა გაავრცელა.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, საჭიროების შემთხვევაში ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის დასაწესებლად ზომებს მიიღებს.

„პატივცემულო თანამოქალაქენო, სოხუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოგიწოდებთ. ნუ წამოეგებით პროვოკაციებს. როგორც კონსტიტუციის გარანტმა, გავეცი ყველა აუცილებელი დავალება, რათა მოვლენები არ გადასცდეს კანონიერების ზღვარს. ამ რთულ სიტუაციაში უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და საფრთხის წინაშე არ დავაყენოთ ჩვენი სახელმწიფოს არსებობა. ძალოვანი სტრუქტურები გაძლიერებულ რეჟიმზეა გადასული. საჭიროების შემთხვევაში ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის დასაწესებლად ზომებს მივიღებ“, – აღნიშნულია ხაჯიმბას მიმართვაში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან  აქცია დილიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების ნაწილი ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრა. სოციალურ ქსელში შეჭრის კადრებიც გავრცელდა.

აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტური აფხაზეთში 2019 წლის 25 აგვისტოს და 8 სექტემბერს გაიმართა. არაღიარებული რესპუბლიკის საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. რაულ ხაჯიმბამ ე.წ. არჩევნების პირველ ტურში ხმათა 47,39 პროცენტი მიიღო, ალხას კვიცინიამ კი  – 46,17 პროცენტი. მეორე ტურის შედეგების მიხედვით, გამარჯვება ხმათა 66.55 პროცენტით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.

დღეს ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საკასაციო მოსმენა დაიწყო „პრეზიდენტობის“ ყოფილი კანდიდატის, „ამცახარას“ ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ალხას კვიცინიას სარჩელზე, რომელიც ცდილობს, გააბათილოს ე.წ არჩევნების შედეგები. მან ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი 20 სექტემბერს შეიტანა. თუმცა, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის შემდეგაც კვიცინიამ უზენაეს სასამართლოს“ მიმართა.