რაულ ჯახიმბა - ოპოზიციას ვითარების დაძაბვა და პრეზიდენტის გადადგომა სურს
რაულ ჯახიმბა - ოპოზიციას ვითარების დაძაბვა და პრეზიდენტის გადადგომა სურს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ „ოპოზიციას ვითარების დაძაბვა და პრეზიდენტის გადადგომა სურს“.

„ამ დღეებში ჩვენ ვიხილეთ ოპოზიციური ძალების დესტრუქციული ქმედებები, რომლებმაც დეპუტატ ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე ზრუნვის კეთილი საბაბით, გაასაჯაროეს თავისი მთავარი ამოცანა – რესპუბლიკის მეთაურის ვადამდელი გადადგომა“, – ნათქვამია ხაჯიმბას განცხადებაში.

მისივე თქმით, ბჟანიასა და მისი თანაშემწეების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს რუსი და აფხაზი სამართალდამცავები ერთად იძიებენ.

„აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია ქვეყანაში დესტაბილიზაციას საკურორტო სეზონის დაწყებამდე ახდენს. სიტუაციის დაძაბვამ კი, შესაძლოა, ბევრი დამსვენებელი შეაშინოს. უკვე ვთქვი, რომ მნიშვნელოვანია, არჩევნები დადგენილ ვადაში და წყნარად ჩატარდეს. მოგმართავთ თხოვნით, არ აყვეთ პროვოკაციებს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და სიფრთხილე“,  –  აღნიშნულია ხაჯიმბას განცხადებაში.

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს დილიდან საპროტესტო აქცია იმართება, რომლის მონაწილეები ე.წ. არჩევნების გადადებას და „პრეზიდენტის“ გადადგომას ითხოვენ.

რუსული მედიის ცნობით, სოხუმში გამართულ აქციაში 300 ადამიანი მონაწილეობს, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები, მობილიზებულია სპეცრაზმიც. ჟურნალისტების ცნობით, სოხუმში შეფერხებით მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.

მანამდე დემონსტრანტებმა გაგრის რაიონში, მდინარე ბზიფზე გამავალი ხიდი გადაკეტეს, თუმცა მოგვიანებით გზა გახსნეს.

ე.წ. დეპუტატი და „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ოპოზიციის სახელით მონაწილე ალსან ბჟანიას ჯამრთელობის მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ გაუარესდა. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ შესაძლოა, ის მოწამლეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები 21 ივლისისთვის არის დაგეგმილი.