კომოდოს დრაკონები ინდონეზიის სულ რამდენიმე კუნძულზე ბინადრობენ, მაგრამ მათ მთელი მსოფლიო იცნობს. სამ მეტრზე გრძელი, სამართებელივით კბილების მქონე ეს ხვლიკები ნადირობენ ირმებზე და ხანდახან, თავს ესხმიან ადამიანებსაც. თუმცა სინამდვილეში, ისინი ძლიერ არაკომუნიკაბელურნი არიან და თავიანთ მშობლიურ მიდამოებში ყოფნა ურჩევნიათ. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.
ოთხ სხვადასხვა კუნძულზე, ათ სხვადასხვა ადგილას, ათწლიანი დაკვირვებების შედეგად გაირკვა, რომ კომოდოს ვარანები არასოდეს ტოვებენ იმ ხეობას, რომელშიც დაიბადნენ. არა იმიტომ, რომ არ შეუძლიათ. თუ საჭიროა, მათ მრავალი კილომეტრის გავლა შეუძლიათ უხეშ რელიეფზე. თუმცა როგორც ჩანს, ეს მათ სულაც არ მოსწონთ.
კუნძულის მრავალ სახეობებს სახლთან ახლოს ყოფნა ურჩევნიათ. ეს კი ცოტა არ იყოს, პარადოქსია — მათი წინაპრები ამ კუნძულებზე გადარჩენის ან ახალი ტერიტორიების ათვისების მიზნით დიდი ძალისხმევის შედეგად მოხვდნენ, მაგრამ ამჟამინდელი თაობა სახლის კომფორტს ამჯობინებს.
„მას შემდეგ, რაც მათ კუნძულის კოლონიზაცია მოახდინეს, წარმოუდგენლად გრძელი და რთული გზის შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ ეს საკმარისია“, — ამბობს კვლევის ავტორი, ავსტრალიის დიკინსის უნივერსიტეტის ეკოლოგიის პროფესორი ტიმ ჯესოპი.
ასეთი ქცევის მიზეზები სავარაუდოდ სხვადასხვაა და დამოკიდებულია სახეობებსა და სიტუაციაზე. თუმცა აქ ერთი თავსატეხი ჩნდება — თუკი ცხოველები ერთ ადგილას მრავალი თაობის განმავლობაში რჩებიან, დგებიან ვიწრონათესაური გამრავლების რისკის ქვეშ, ეჩეხებიან რესურსების დეფიციტს და სხვა საფრთხეებს, რომლის თავიდან აცილებაც ვრცელ მანძილებზე გადაადგილებით შესაძლებელი იქნებოდა.
არის თუ არა პრობლემა ის, რომ კომოდოს ვარანები კარგი ნავიგატორები არ არიან? კვლევის პროცესში, მეცნიერებმა შვიდი ზრდასრული ვარანი მათი მშობლიური ტერიტორიიდან შორს წაიყვანეს. ზოგიერთი მათგანი იმავე კუნძულზე, 22 კმ-ის მოშორებით გადაიყვანეს, ზოგიერთი კი მეორე კუნძულზე, რომელიც დაახლოებით 1,5 კმ სიგანის სრუტით იყო გამოყოფილი.
ოთხი თვის განმავლობაში, იმავე კუნძულზე შორ მანძილზე გადაყვანილი ვარანებიდან ყველა დაუბრუნდა მშობლიურ ადგილს, მაგრამ ახალ კუნძულზე, ბევრად უფრო ახლოს გადაყვანილმა დრაკონებმა, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ ცურვა, იქ დარჩენა არჩიეს. როგორც ჩანს, სახლში ცურვით დაბრუნება მათ ამ ძალისხმევად არ უღირდათ.
დოქტორ ჯესოპის აზრით, ამ ნაკლებმოძრავი ქცევის ერთ-ერთი შესაძლო ახსნა ის არის, რომ როცა კუნძულზე იზოლირებული ხარ, ნებისმიერ შეცდომა შეიძლება, საკმაოდ ძვირად ფასობდეს. გადაადგილებას და ათვისებას გაცილებით ნაკლებ სარისკოს გახდიდა წინ გადაჭიმული მთელი კონტინენტი, შედარებით ოდნავ ცვალებადი ლანდშაფტით.
ახალ კუნძულზე ან სხვა ხეობაში გადაადგილებულმა ვარანებმა შეიძლება ჩათვალონ, რომ არ გაუმართლათ, თუ, მაგალითად, ვერ შეძლეს რომელიმე ადგილობრივთან შეჯვარება. ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გარემოს ცნობა, რათა იცოდნენ, სად იპოვონ მსხვერპლი.
დნმ-ის მონაცემები მიუთითებს, რომ კომოდოს ვარანების პოპულაციას აღენიშნება ვიწრონათესაური შეჯვარებები და საკმაოდ მოწყვლადნი არიან ადგილობრივი საკვების დეფიციტისა და ბუნებრივი კატაკლიზმების მიმართ.
მიუხედავად ყველაფრისა, კომოდოს დრაკონები ასეთი ქცევებით ცხოვრებას მაინც აგრძელებენ.
დოქტორ ჯესოპის თქმით, ისინი საკმაოდ უცნაური და მოხერხებული ცხოველები არიან. პატარა ვარანებს ხეზე აცოცებაც კი შეუძლიათ, როცა ისინი უფროსი ვარანებისგან კანიბალიზმის საფრთხეს გაურბიან.
მეცნიერთა განცხადებით, შეიძლება ისინი დაუნდობელი,მრისხანე მტაცებლების შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ მათი, როგორც კუნძულის ბინადრების მიზნები, იმაზე გაცილებით მოკრძალებულია, ვიდრე შეიძლება წარმოგვედგინოს.
კვლევა ჟურნალ Proceedings of the Royal Society B-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.