რატომ ითხოვს პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას - პროკურორის განმარტება პარლამენტში

პარლამენტში ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე მსჯელობენ.

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ამირან გულუაშვილმა საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომაზე ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ ითხოვს პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას.

„21:50 საათამდე მიტინგი ატარებდა მშვიდობიან ხასიათს. დაახლოებით 21:00 საათზე მიტინგის მონაწილეებს მიმართა პარლამენტის წევრმა, ნიკა მელიამ, რომელმაც განაცხადა, რომ თუ ერთ საათში არ დაკმაყოფილდებოდა მათი მოთხოვნები, ყველას ერთად უნდა გადაენაცვლათ უშუალოდ პარლამენტის შენობაში. ხსენებული მოთხოვნა არ შესრულდა, ამის შემდეგ პარლამენტის სასახლეში შეჭრის მიზნით, მიტინგზე შეკრებილმა მოქალაქეების ნაწილმა, მელიას ხელმძღვანელობითა და მისი უშუალო მონაწილეობით, დაიწყეს პარლამენტის შენობის წინ, პერიმეტრზე განლაგებული სამართალდამცავების მიმართ ძალადობა, იარაღად სხვადასხვა ნივთების გამოყენებით მათზე თავდასხმა, სამართალდამცავთა კუთვნილი ნივთების დაზიანება და განადგურება. ამგვარი ძალადობრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა, პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის მიზნით იქ შეკრებილმა მოქალაქეებმა“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

ამასთან, როგორც ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელიას რამდენჯერმე აქვს გადაკვეთილი საზღვარი და არსებობს საფრთხე, რომ ის მიემალოს გამოძიებას.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ნიკანორ მელიას 2015-2019 წლებში საქართველოს საზღვარი გადაკვეთილი აქვს 24-ჯერ. აღსანიშნავია, რომ ბრალდებული, მაღალი თანამდებობრივი სტატუსიდან გამომდინარე, ასევე სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით და მისი გამოყენებით ნიკანორ მელიას 2017-2018 წლებში ექვსჯერ აქვს გადაკვეთილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

როგორც მოგეხსენებათ, დიპლომატიური პასპორტი პირს საშუალებას აძლევს, უცხო ქვეყანაში შესვლის გამარტივებული პროცედურებითა და პრივილეგიებით ისარგებლოს, მათ შორის, უვიზოდ გადაადგილდეს შენგენის ქვეყნებში, გარდა ამისა, საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაადგილდებოდეს საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის გავლის გამარტივებული პროცედურებით.

მხედველობაში ვიღებთ რა, ბრალდებულის საზღვარგარეთ ვიზიტებს, მისი მხრიდან დიპლომატიური პრივილეგიებით სარგებლობას და საზღვარგარეთ გამარტივებული პროცედურებით გადაადგილების ფაქტს,  ასევე მის ფინანსურ შესაძლებლობებს, გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ნიკანორ მელია თავისუფლად შეძლებს საზღვარგარეთ სათანადო პირობების შექმნას საიმისოდ, რომ სამომავლოდ თავი აარიდოს მართლმსაჯულებას“, – განაცხადა პროკურორმა.

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა გენერალური პროკურორის 2019 წლის 25 ივნისის №013/4 მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას დაპატიმრებაზე საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შესახებ, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომის შემდეგ, 12:00 საათზე პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც დეპუტატებმა ნიკა მელიას საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გენერალური პროკურატურის მოთხოვნის შემდეგ დადგა. საგამოძიებო უწყება ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტისგან თანხმობას ითხოვს.