რატომ გაწყდა ყაზახეთში საფრთხის ქვეშ მყოფი 200 000 ანტილოპა - მიზეზი გარკვეულია
2015 წელს, როდესაც სულ რამდენიმე კვირის განმავლობაში ყაზახეთში 200 000-ზე მეტი ანტილოპა საიგა დაიხოცა, მეცნიერები შეცბუნდნენ.
სულ რაღაც სამ კვირაში, კრიტიკულად საფრთხის ქვეშ მყოფ ცხოველთა გლობალური პოპულაციის 60%-ზე მეტი მოისპო.
თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. 1998 წლის მაისში, იგივე ვითარებაში დაიხოცა 270 000 ანტილოპა საიგა (Saiga tatarica); 2010 წლის მაისში კი, 26 000-იანი ჯოგიდან 12 000 ცხოველი მოკვდა.
ორივე შემთხვევაში, მკვლევრებმა ვერ შესძლეს ანტილოპათა მიყრუებულ და მკაცრ გავრცელების არეალში შეღწევა, რათა გაერკვიათ, თუ რა მოხდა.
იმ დროისათვის ჩათვალეს, რომ ყველაფერში დამნაშავე იყო ბაქტერიული ინფექცია სახელად პასტერელეზი. მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ მიზეზი სწორედ ეს იყო, როგორც მინიმუმ, 2015 წლის ინციდენტის შემთხვევაში.
ცხოველები დაიხოცნენ ჰემორაგიული სეფსისით (სისხლის მოწამვლა), რასაც იწვევს ბაქტერია Pasteurella multocida-ს B ტიპი. მაგრამ 2015 წლის მაისამდე, ეს ბაქტერია ანტილოპების სხეულში თავისთვის, მშვიდად და უვნებლად ბინადრობდა.
ახლა, იგივე ჯგუფის ახალი კვლევის მიხედვით, ნათელი გახდა, რომ ცხოველთა მასობრივი გაჟლეტა გამოიწვია ინდივიდუალურად უსაფრთხო გარემოებათა თანხვედრამ, გარემოსთან დაკავშირებულმა გარკვეულმა ცვლილებებმა.
როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, მოვლენა დაიწყო მაშინ, როცა კლიმატი უჩვეულოდ გათბა და დატენიანდა.
ამან კი, თავის მხრივ, ბაქტერიას სისხლის მიმოქცევაში ოპორტუნისტული ინფექციის წარმოქმნისკენ უბიძგა; მანამდე, ეს ბაქტერია მშვიდად იყო თავის საქმით გართული.
მაისში, საიგა ანტილოპები ნაშირებს აჩენენ და შესაბამისად, ჯოგებს თან დაჰყავთ პატარების უზარმაზარი ჯგუფები; დედები ფსიქოლოგიურად უკვე დასტრესილნი არიან, ახლად დაბადებული ნაშიერები კი უფრო მოწყვლადნი.
ამინდის ისტორიულ მონაცემებში ჩახედვის შემდეგ, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ზუსტად იგივე მახასიათებლები ყოფილა წინა ორი მასობრივი გაჟლეტვის დროს — ზემოთხსენებული 1988 წლისა და კიდევ ერთი, 1981 წლის მოვლენის დროს, როცა 70 000-ზე მეტი ანტილოპა დაიხოცა.
ერთ დროს მთელ ევრაზიის სტეპებში გავრცელებული ანტილოპა საიგას პოპულაცია იმდენად შემცირდა, რომ ამჟამად ბინადრობს რუსეთის მხოლოდ ერთ და ყაზახეთის სამ ზონაში.
მასობრივი გაჟლეტვის მოვლენები შეიძლება გაგრძელდეს, რაც საბოლოოდ უდიდეს საფრთხეს შეუქმნის იმ სახეობის გადარჩენას, რომელიც დედამიწაზე უკვე 100 000 წელიწადზე მეტია ბინადრობს, გვიანდელი პლეისტოცენის ხანიდან.
2002 წელს კრიტიკულად საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობათა ნუსხაში შეყვანილ ანტილოპას ზიანს აყენებს სხვა ფაქტორებიც.
„1990-იანი წლებიდან დაწყებული უკანონო ნადირობა ასევე გადამწყვეტი ფაქტორია ამ სახეობის შემცირებაში, იზრდება ინფრასტრუქტურის განვითარების დონეც… ეს კი აზიანებს მათ ჰაბიტატს და ხელს უშლის ამ ცხოველთა მიგრაციას“, — ამბობენ ლონდონის სამეფო ვეტერინარული კოლეჯის მკვლევრები.
„ყველა ამ საფრთხესთან ერთად, შესაძლებელია კიდევ მოხდეს დაავადებით მასობრივი ამოხოცვის მოვლენა, რაც ანტილოპათა რიცხვს იმდენად შეამცირებს, რომ აღდგენა უკვე შეუძლებელი იქნება“.
ჯერჯერობით ბოლომდე უცნობია, თუ როგორ მოახდინა ბაქტერიის პროვოცირება გაზრდილმა ტემპერატურამ და ტენიანობამ.
თუმცა, ნამდვილად არის შეშფოთების მიზეზი — როგორც დოკუმენტი შენიშნავს, განსაკუთრებით მას შემდეგ, ამ რეგიონისთვის მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში, მოსალოდნელია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ტემპერატურული მატება.
მაგრამ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გვეცოდინება, როდის აიწევს იქ ტემპერატურა, პრევენცია მაინც შეუძლებელი იქნება; ანტილოპათა მთელ ჯოგზე შეუძლებელია პენიცილინის გამოყენებაც, რადგან ისინი ყაზახეთის მიყრუებულ სტეპებში ბინადრობენ.
„ამ მასობრივი გაჟლეტვის მოვლენათა შესწავლა, იმის გარკვევა თუ რა იწვევს მას და რა შეიძლება გაკეთდეს მასთან საბრძოლველად, უკიდურესად მნიშვნელოვანია საიგას ეფექტიანი საკონვერსაციო სტრატეგიების შესამუშავებლად“, — ამბობს ფარანკფურტის ზოოლოგიური საზოგადოების წევრი სტეფან ზუთერი.
„საიგას ასეთი მასობრივი განადგურება ამინდის მიზეზებით, აჩვენებს, რომ პრევენციის მიზნით არც თუ ისე ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია; შესაბამისად, უკიდურესად მნიშვნელოვანია საიგას იმ ზომის პოპულაციის შენარჩუნება, რომ სახეობა ასეთ კატასტროფებს გადაურჩეს“.
კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია rvc.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.