რატომ დევნიან ქართული სპეცსამსახურები ჰაკერებს - ინტერვიუ
რატომ დევნიან ქართული სპეცსამსახურები ჰაკერებს - ინტერვიუ

მოკლედ, როგორც თქვენს წერილში ამიხსენით, პრობლემა თქვენმა ჰაკერულმა უნარ-ჩვევება წარმოშვა. რა ტიპის ოპერაციებს ასრულებდით და როგორ მიიქცია ამ ყველაფერმა სახელმწიფო ორგანოების ყურადღება?

მე პატიოსნად ვმუშაობდი და ვთანამშრომლობდი სხვადასხვა კომპანიასთან მათი უსაფრთხოების სისუსტეების აღმოსაჩენად და შემდეგ გასასწორებლად.

ურთიერთობა მქონდა როგორც ქართულ, ასევე, უცხოურ კომპანიებთან. ქართულ ერთ-ერთ ცნობილ ონლაინ კაზინოსთანაც ვთანამშრომლობდი. საქართველოში ძირითადად აზარტული თამაშების კომპანიები და ონლაინ სესხების საიტები იჩენდნენ თანამშრომლობის სურვილს, რადგან მათ კომპანიებში დიდი ფული ტრიალებს და ხშირად ხდება ჰაკერული შეტევები.

მე რომ სისტემის გატეხვა შემეძლო, ეს დამალული ინფორმაცია არ იყო, რადგან ჩემ კლიენტებს პირველ რიგში შეღწევადობის ტესტს ვთავაზობდი, რომლითაც ჰაკერული შეტევის სიმულაციას ვახდენდი და ვამოწმებდი სისტემის მუშაობას.

ამის მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურებთან არასოდეს მიმუშავია და ვცდილობდი, რომ მათთვის ნაკლებად შემჩნევადი ვყოფილიყავი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ვიჩენდი დიდ სიფრთხილეს, მას შემდეგ რაც გავიგე ქართველ ბიჭებს რაც დამართეს.

ანგელოზი არ ვყოფილვარ, გადაცდომები მეც მქონდა ჰაკერული დანაშაულის ჩადენისას  1%-ზე ნაკლებია შანსი რომ პოლიცია ამის შესახებ გაიგებს, ეს ყველა პროგრამისტმა იცის. ვირტუალური მტკიცებულებების განადგურება მარტივად არის შესაძლებელი რის გამოც ეს საქმეები გაუხსნელი რჩება.

ჰაკერულ წრეებში ცნობილი ვარ და ჩემი ცოდნის დახმარებით ესენი ვერც ვერასოდეს მოახერხებდნენ ჩემს დაჭერას, მაგრამ უბრალოდ ძალიან გაუმართლათ და სრულიად შემთხვევით მოხდა ჩემი იდენტიფიცირება. უბრალოდ იღბლიანები აღმოჩნდნენ იმ მომენტში.

კონკრეტულად, რა შემოთავაზება წამოვიდა სახელმწიფო უწყებებისგან?

როდესაც დამიჭირეს მე დიდი ბრალი არ მქონდა წაყენებული, თანაც პირველი შემთხვევა იყო ასე რომ სასამართლოზე მხოლოდ რამდენიმე წლიანი ციხე მელოდა, ეს დრო მალე გავიდოდა და გამოსვლის შემდეგ მალევე ავინაზღაურებდი დაკარგულ დროს.

მე დაკითხვაზე განვაცხადე რომ მზად ვიყავი მეღიარებინა დანაშაული, ჩემი კომპიუტერი მათ ქონდათ და აზრიც არ ქონდა საწინააღმდეგოს მტკიცებას.

აღიარებით ჩვენებაზე თანხმობის შემდეგ გამომკითხეს რა და როგორ გავაკეთე, მითხრეს რომ მათ არ ყავდათ ასეთი კადრი და შემომთავაზეს მათთან მუშაობა, დეპარტამენტის უფროსობა შემომთავაზეს და თანაც აღარც ციხეში წასვლა არ მომიწევდა.

მათი დავალებით სისტემების კრიტიკული სისუსტეები უნდა აღმომეჩინა და მომეხდინა მათი ინფორმაციის წამოღება. საქართველოში ბანკების გარდა თითქმის ყველა დიდი კომპანიის სისუსტის გამოვლენაა შესაძლებელი. ჰაკერობა მომთხოვეს, მაგრამ ამის გამო აღარ დამიჭერდნენ.

მათ მე სულელი ვეგონე მგონი, რამდენიმე წელი ციხეზე უარი შემეძლო მეთქვა და სანაცვლოდ სამუდამოდ მათი მონა უნდა ვყოფილიყავი.

ჩემგან მათ უარი მიიღეს, ვუთხარი რო მზად ვიყავი სასამართლოზე დამეცვა თავი.

ამის გაგების შემდეგ დამემუქრნენ ნარკოტიკის ჩადებაზე და მითხრეს ციხეში ბევრად დიდი ხანი მოგიწევს ყოფნაო. მე მაგაზე ვუთხარი ნარკოტიკს როგორ ჩამიდებთ ფილტვები რომ შემიმოწმოთ სიგარეტის კვამლსაც კი ვერ იპოვით და რომელ ნარკოტიკზეა საუბარითქო.

ამის შემდეგ დაიწყეს ჩემი ცემა, არ მეგონა ფიზიკურადაც თუ გამისწორდებოდნენ, სახეზე ეხლაც მეტყობა ჩალურჯებები და აი ტანზეც მაქვს იარები. (ადგა და მაჩვენა მის სხეულზე დაზიანებები.)

გონებაც დავკარგე, შემდეგ გამომაფხიზლეს და კიდევ გააგრძელეს ცემა. აღარ აპირებდნენ გაჩერებას და მომიწია დავთანხმებულიყავი. სახლში წასვლის ნებაც მომცეს, რომ გამოჯანმრთელდები აქ გელოდებითო.

ჩემი ადვოკატი ნამდვილი უმაქნისი გამოდგა, მარტო იმაში დამეხმარა რომ სახლამდე მიმიყვანა ასეთ მდგომარეობაში. მის გარეშე ვერ მივაღწევდი სახლამდე ცოცხალი, მაგრამ რომ ვესაუბრე იმის მაგივრად რომ დავეცავი კაცმა მითხრა შენი ბრალია რაც მოგივიდა, რაც გითხრეს უნდა დაგეჯერებინაო. არ უნდა გაჯიუტებულიყავი ხო იცოდი მაინც თავისას გაიტანენო.

ანუ ადვოკატისთვის ნორმალური შემთხვევა იყო რო მისი კლიენტი სასტიკად ცემეს.

უარის თქმის შემთხვევაში, თავიდანვე ცხადი იყო რა ბედი გეწეოდათ?

ნარკოტიკების ჩადებაზე ვფიქრობდი რომ დამემუქრებოდნენ, დღეს ყველას ასე უკეთებენ. ის რეპერი ბიჭები გაიხსენეთ, მათაც ეგრე არ უქნეს? სამუდამოდ ციხეში უშვებდნენ ახალგაზრდა, უდანაშაულო ბიჭებს. იმათ გაუმართლათ ბერას მეგობრები ყოფილან და მან გადაარჩინა, სამწუხაროდ მე არ მყავს მსგავსი მეგობრები.

იყო თუ არა მუქარის შემცველი კომენტარები?

დიახ, უკვე როგორც გითხარით მემუქრებოდნენ ნარკოტიკის ჩადებით, სიცოცხლის მოსპობით და კიდევ ათას საძაგლობას მეუბნებოდნენ.

საქართველოს დატოვება რამ გაიძულათ?

აქ რაღა დამრჩენია, იმას ხომ არ დაველოდები როდის და რა ხერხით მოახერხებენ ჩემ გატეხვას და მონობაზე დათანხმებას? მამაცი არასოდეს ვყოფილვარ, ჯობია სანამ უარესი მომსვლია გავეცალო აქაურობას და ჩემ ცხოვრებას მივხედო.

სანამ წავალ მინდა ამ სფეროს სპეციალისტებს და დამწყებებს მივმართო, მინდა გავაფრთხილო რომ რაც შეიძლება ფრთხილად იყვნენ, დამალონ თავისი ცოდნა. ეს მანიაკები ჩვენნაირ ხალხზე ნადირობენ და ცხოვრებას ნუ დაინგრევთ, შეცდომას ნუ დაუშვებთ.

ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით ნებისმიერ წერტილში შევძლებ თავის გატანას, ადრე მქონია შემოთავაზებები საკმაოდ დიდი კომპანიებისგან და ეხლაც არ გამიჭირდება სამსახურის პოვნა. ნებისმიერი ქვეყნის ბაზარზე ჩემი სპეციალობის ადამიანზე დიდი მოთხოვნაა.

ასეთი შემთხვევები ბევრია ქართულ რეალობაში? ჰაკერები როგორც წესი საოგადოების ცნობილი სახეები არ არიან. მაინტერესებს, თქვენი მსგავსი შემთხვევები მრავლადაა?

სამწუხაროდ მრავლადაა, მოგეხსენებათ ასეთი ცოდნა ბევრს არ გააჩნია. ამ სფეროში უნივერსიტეტში ნასწავლით გზას ვერ გაიკვალავ, მხოლოდ თვითნასწავლ ხალხს შეუძლია წარმატების მიღწევა. ასეთი ადამიანების რაოდენობა ცოტაა ჩვენ პატარა ქვეყანაში, მაგრამ ჩემი ნაცნობებიდან პირადად ვიცი ორი პიროვნების ამბავი რომელსაც ასეთი რამ დაემართა.
ერთს რა ბედი ეწია არ ვიცი, ხოლო მეორე კი როგორც ვიცი ქვეყნიდან გაქცევა მოახერხა

შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად მითხრათ ვისზე გაქვთ საუბარი და საიდან იცნობდით მაგ პიროვნებებს?

პირველი ლაშა შ. არის, ის ჩემი ძველი მეგობარი იყო, წლების წინ გავიცანით ერთმანეთი, როდესაც მან ერთი დაცული სერვერის გატეხვა მოახერხა და იქიდან ყველა მომხმარებელი გააგდო, იმ სერვერზე ფაქტიურად მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩით, მაშინ მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება, გავიცანი და ვინაიდან ერთნაირი ინტერესები გვქონდა მალევე დავმეგობრდით.

ლაშას აიძულებდნენ მათთვის მუშაობას, მაგრამ ვერ გაუძლო და დათანხმდა მათთან მუშაობას, მას აიძულებდნენ დავალებების შესრულებას, კონკრეტულად რა დავალებები იყო არ ვიცი, მაგრამ შეხება ძალიან დიდ ფულთან ქონდა. ალბათ შავ ფულს ათეთრებდა ან ბანკის ანგარიშების გასატეხად იყენებდნენ, არ ვიცი ზუსტად.

ფაქტი ისაა, რომ ერთ დღესაც გაუჩინარდა ლაშა და იმის შემდეგ უკვე 1 წელი გავიდა, მისი ამბავი კი არ ისმის. ან ქვეყნიდან გაქცევა მოახერხა ან სამწუხაროდ მოკლეს. სხვა ვარიანტი არ არსებობს.

მეორე კი პატარა ბიჭია, თორნიკე კ. – ის მოგვიანებით გავიცანი, ჩვენი ჯგუფის აქტიური წევრი არ ყოფილა.


რუსი ჰაკერი ქართველ ჰაკერების ჯგუფს დაუახლოვდა, თავიდან საინტერესო ინფორმაციებით ამარაგებდა და ცოდნას უზიარებდა სხვებს. როცა ნდობა მოიპოვა და ამათმა ჯგუფში პრივილეგიები მისცეს მან ისარგებლა ამით, სხვებს წაართვა პრივილეგიები და თავი ჯგუფის მეთაურად გამოაცხადა.

რეალურად გატეხვა არ მომხდარა, მხოლოდ ნდობით ცუდად ისარგებლა, მაგრამ ეს მაინც დიდი სირცხვილი იქნებოდა მთლიანი ჯგუფისთვის. ყველანი ვმუშაობდით რომ ჯგუფი დაგვებრუნებინა, მაგრამ თორნიკემ დაახლოებით 2 დღეში მოახერხა იმ ჰაკერის იდენტიფიცირება, მისი სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონის ნომერიც კი გაგვიზიარა. შემდეგ ჯგუფიც თვითონ დაიბრუნა და რეალურ მფლობელებს უფასოდ გადასცა. სანაცვლოდაც არაფერი მოუთხოვია და ამის შემდეგ გავიცანი ეს ბავშვი.

მისი დისთვის ასთმის წამალს ევროპიდან იწერდა და პოლიცია ამ წამლის მიღების შეწყვეტით დაემუქრა წარმოგიდგენიათ? პატარა ბავშვის სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი წამლის შეწყვეტით ემუქრებოდნენ და ასე უნდოდათ მუშაობაზე დაეთანხმებინათ.  მე მთხოვა დახმარება, მაგრამ არაფერი გამომივიდა.

ამ ბიჭს უფრო გაუმართლა, ქვეყნიდან გაქცევა მოასწრო. ეხლა ალბათ ამერიკაში ან კანადაში ზის თავის ოჯახთან ერთად და აღარც ახსოვს საქართველოს არსებობის შესახებ არაფერი.

ამ ორ ახალგაზრდასთან მე მქონდა პირადად შეხება და ვიცი, დარწმუნებული ვარ სხვა ისტორიებიც იქნება უბრალოდ ყველა ჩუმად ყოფნას ამჯობინებს და საჯაროდ საუბარს ერიდება.

ახლა რას აპირებთ? როგორც წესი, სპეც. სამსახურებისთვის ცნობილი უნდა იყოს თქვენი აშშ-ში წასვლის ამბავი

მცრადი წარმოდგენა გაქვთ ჩვენ სპეც. სამსახურებზე, ქვეყნის საზღვრის დაცვა მოშლილია, ვერ აკონტროლებენ ქვეყნის საზღვრებს. კვალიფიციური კადრების ნაკლებობაც აქვთ. როცა ინტერვიუს გამოაქვეყნებთ მე უკვე ამ ქვეყნიდან შორს ვიქნები და აქ არასოდეს აღარ დავბუნდები.