უკვე მეექვსე წელია, ფინეთი დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ქვეყანაა; ყოველ შემთხვევაში, ასეა მსოფლიო ბედნიერების ანგარიშის (World Happiness Report) მიხედვით. ანგარიში ეფუძნება შეკითხვას ცხოვრების შეფასების შესახებ:
„წარმოიდგინეთ 10-საფეხურიანი კიბე. ზედა საფეხური წარმოადგენს თქვენთვის საუკეთესო ცხოვრებას, რაც კი შესაძლებელია, სულ ქვედა საფეხური კი შესაძლებელთა შორის ყველაზე ცუდ ცხოვრებას. კიბის რომელ საფეხურზე გრძნობთ ამჟამად თავს პირადად თქვენ?“
ფინეთი პირველ ადგილზეა, შემდეგ მოდიან დანია და ისლანდია. ის, თუ რატომ არიან ფინელები სხვებზე ბედნიერნი, მრავალი ფაქტორით არის განპირობებული, მათ შორის, შემოსავლების უთანასწორობის დაბალი მაჩვენებელი, მაღალი სოციალური მხარდაჭერა, გადაწყვეტილებათა მიღების თავისუფლება და კორუფციის დაბალი დონე.
მაინც რატომ არის ფინეთი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა? გამოცემა The Conversation-ში გამოქვეყნებულ წერილში, ოქსფორდის უნივერსიტეტის გეოგრაფიის პროფესორი დენი დორლინგი შესაძლო მიზეზებს იკვლევს.
ქვემოთ მოცემული გრაფიკი ფერადი წერტილებით ასახავს იმ 44 ქვეყანას, რომელთა შესახებაც გვაქვს როგორც ბედნიერების, ისე შემოსავლების უთანასწორობის მონაცემები. ვერტიკალური სკალა ბედნიერების საშუალო მაჩვენებელს ასახავს, ჰორიზონტალური კი შემოსავლების უთანასწორობის.
შემოსავლების უთანასწორობის საზომად გამოყენებულია ჯინის კოეფიციენტი. გრაფიკი ამ ორ საზომს შორის აჩვენებს ახლო კავშირს აჩვენებს. ზოგადად, როდესაც შემოსავლების უთანასწორობა დიდია, ფული უფრო მნიშვნელოვანია და ხალხი ნაკლებად ბედნიერია.
ფინეთს აქვს სხვა ატრიბუტებიც, რომლებიც შეიძლება, ადამიანებს უფრო ბედნიერად აგრძნობინებს თავს. აქვს ძლიერ დეცენტრალიზებული საჯარო დაფინანსების მქონე ჯანდაცვის სისტემა და მხოლოდ ძლიერ პატარა კერძო ჯანდაცვის სექტორი. ეს გაცილებით ეფექტიანი და ეკონომიურია, ვიდრე ზოგიერთ სხვა ქვეყანაში გამოყენებული ალტერნატივები. საზოგადოებრივი ტრანსპორტი საიმედო და ხელმისაწვდომია, ჰელსინკის აეროპორტს კი საუკეთესოს სტატუსი აქვს მთელ ჩრდილოეთ ევროპაში.
არსებობს ერთი ფინური ანდაზა, რომელი ამ ყველაფერს კარგად შეეფერება: ბედნიერება არის ადგილი ძალიან ცოტასა და ძალიან ბევრს შორის.
შემოსავლების უთანასწორობის დონე ერთნაირია ფინეთში, ნორვეგიასა და უნგრეთში, მაგრამ ფინეთში ადამიანები საშუალოდ უფრო ბედნიერები არიან. რატომ?
უთანასწორობის მსოფლიო მონაცემთა ბაზის თანახმად, ფინეთში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოსახლეობა მეათედს შეადგენს და მათ სახლში შემოსავლის მესამედი (33 პროცენტი მიაქვთ). იმავე ჯგუფს 36 პროცენტი მიაქვს სახლში ბრიტანეთში, 46 პროცენტი კი აშშ-ში.
სხვაობა შეიძლება დიდი არ იყოს, მაგრამ უზარმაზარი ეფექტი აქვს ზოგად ბედნიერებაზე, რადგან გაცილებით ნაკლები რჩებათ სხვა, უფრო უთანასწორო ქვეყნებში და მდიდარი უფრო მფრთხალი ხდება. როდესაც ადამიანთა მცირე რაოდენობა კიდევ უფრო მდიდრდება, ეს შიში გასაგებია.
2021 წელს სოციოლოგიის ერთი პროფესორი მიუთითებდა, რომ სკანდინავიურ ქვეყნებში ხალხი უფრო ბედნიერი გამოიყურებოდა უბრალოდ გონივრული მოლოდინების გამო. თუმცა, ეს ვერ ხსნის, რატომ განსხვავდება ბედნიერების სკალაზე ფინეთი ნორვეგიისგან ასე ძლიერ.
ყველა სახის ახსნა შესაძლებელია, მათ შორის, ენისა და კულტურის უმნიშვნელო ნიუანსების ჩათვლით. ჩნდება კითხვა იმის შესახებაც, გახდა თუ არა ეს გლობალური გამოკითხვა მიკერძოებული, რადგან ფინელებმა უკვე იციან, რისთვის მონაწილეობენ გამოკითხვაში.
თუმცა, ძლიერ სავარაუდოა, რომ ფინეთს აქვს უფრო თანასწორი სკოლები, სადაც იღებ უკეთეს განათლებას, ასევე აქვს სკოლების უფრო სამართლიანი პოლიტიკა, ვიდრე ნორვეგიას (თითქმის ყველა ფინელი დადის მათთან უახლოეს სკოლაში), რასაც ასევე შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობა. ამავე დროს, აქვს უკეთესი საბინაო პოლიტიკა, სოციალური საცხოვრებლების მრავალფეროვნებით და ცოტა უსახლკარო ადამიანით, ჯანდაცვის სერვისის ლოდინის მთელი მსოფლიოსთვის შესაშური დროით, რაც ზოგჯერ სულ რამდენიმე დღეს შეადგენს, ასევე აღსანიშნავია მრავალი სხვა უპირატესობა.
ეკონომიკური და სოციალური წარმატების ასზე მეტ გლობალურ საზომში, ფინეთი პირველ, მეორე და მესამე ადგილებს იკავებს და უსწრებს ნორვეგიას.
და მაინც, რატომ გამოიყურება არის ამ მხრივ უნგრეთი ასე ცუდად, მიუხედავად იმისა, რომ მის მოსახლეობაში შემოსავლებს შორის სხვაობა თითქმის დიდად არ განსხვავდება ფინთისა და ნორვეგიის მაჩვენებლებისგან? შეიძლება ითქვას, რომ ეს ორაზროვანი პოლიტიკის ამბავია. 2022 წელს, ევროპარლამენტი მიუთითებდა, რომ „უნგრეთი აღარ უნდა ჩაითვალოს სრულ დემოკრატიად“.
ადამიანებისთვის თავისუფლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ასევე შიშისგან გათავისუფლებას; სწორედ ამით შეიძლება აიხსნას, რატომ აქვთ სიაში ბედნიერების იმაზე დაბალი მაჩვენებლები თურქეთსა და ინდოეთს, ვიდრე მათი ეკონომიკური უთანასწორობის მაჩვენებლის მიხედვით უნდა იყოს.
ასევე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ჩინეთი შეიძლება ოდნავ უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე ეს მათი უთანასწორობის დონიდან გამომდინარე უნდა იყოს. სამხრეთ აფრიკა დემოკრატიული 1994 წელს გახდა, ნელსონ მანდელას გათავისუფლებიდან მალევე და მრავალ ადამიანს ის წინა პერიოდიც უნდა ახსოვდეს. ჩინეთში ხალხი სულაც არ არის ისეთი შეშინებული, როგორც ამას ხშირად დასავლეთში წარმოაჩენენ.
უმეტეს ქვეყანაში ბედნიერების მაჩვენებელი ძლიერ პროგნოზირებადია მათი უთანასწორობის დონიდან გამომდინარე. გაერთიანებული სამეფო ევროპის ეკონომიკურად ყველაზე უთანასწორო ქვეყნებს შორის სადღაც შუაშია.
ზემოთ მოცემული გრაფიკი ასევე აჩვენებს, რომ ისრაელი იმაზე ოდნავ ბედნიერია, ვიდრე უნდა იყოს, მაგრამ არ არის ცნობილი, აღებული ნიმუშები მოიცავდა თუ არა ამ სახელმწიფოში მცხოვრებ ყველა ჯგუფს. ამას გარდა, გამოკითხვა 2022 წელს ჩატარდა, ვიდრე ისრაელში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები დაიწყებოდა.
გრაფიკში კიდევ ერთი გამორჩეული ქვეყანაა კოსტა-რიკა, რომლის პრეზიდენტმაც 2019 წელს აღნიშნა:
„70 წლის წინ, კოსტა-რიკამ უარი თქვა არმიაზე. ამან ბევრი რამ შეცვალა. მთლიანი შიდა პროდუქტის რვა პროცენტი განათლებაში წავიდა, რადგან ამ თანხას არმიას აღარ ვახარჯებთ. შესაბამისად, ჩვენი სიძლიერე არის ადამიანის ტალანტში, ადამიანის კეთილდღეობაში“.
შესაბამისად, რა უნდა გააკეთოს ქვეყნის მოსახლეობამ, თუ სურს, რომ ბედნიერი იყოს? ყველაზე მნიშვნელოვანია, აირჩიონ ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც ქვეყანაში შემოსავლების თანასწორობას უზრუნველყოფენ.
ამის შემდეგ, ყველაზე ეფექტიანი და სამართლიანი საკითხებია სოციალური სერვისებით უზრუნველყოფა — სკოლა, საცხოვრებელი და ჯანდაცვა.
და ბოლოს, უნდა გაითვალისწინოთ თქვენი თავისუფლების ხარისხი — ჩართავთ თუ არა გამოკითხვებში ყველას და რამდენად შეშინებულია თქვენი მოსახლეობა.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.