რატომ არ უნდა ვენდოთ მამიდის მეზობლის ბიძაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას COVID-19-ზე
ახალი კორონავირუსის შესახებ ინტერნეტით ბევრი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება, ამიტომ ექსპერტები არა მარტო პირადი, არამედ ინფორმაციული ჰიგიენის დაცვისკენაც მოგვიწოდებენ.
1. გაჩერდი და იფიქრე
კოვიდ-19-თან დაკავშირებით ნებისმიერი სტატიისა თუ ახალი ამბის წაკითხვის შემდეგ, აუცილებელი არ არის, ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ გაუგზავნოთ მეგობარს ან ოჯახის წევრს. მეტიც, პირველ რიგში, უნდა გადაამოწმოთ, რამდენად შეესაბამება ესა თუ ის ახალი ამბავი სიმართლეს და ხელი არ შეუწყოთ ყალბი ინფორმაციის გავრცელებას.
2. აუცილებლად გადაამოწმეთ წყარო
ვიდრე სოციალურ ქსელში ნაპოვნ ინფორმაციას მეგობარს გადაუგზავნით, აუცილებლად შეხედეთ, ვინ არის წყარო. თუ ინფორმაციას ავრცელებს თქვენი მეგობრის მეგობარი ან მამიდის კოლეგის მეზობელი, მაშინ ამ ინფორმაციის გავრცელება დაივიწყეთ და მხოლოდ ოფიციალურ და სანდო წყაროებს დაეყრდენით, როგორებიც არის ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ა.შ.
როგორც წესი, არასანდო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის მცირე ნაწილი სიმართლეა ხოლმე, მაგალითად, რჩევა, რომ ხელების ხშირად დაბანა კოვიდ19-ით დაინფიცირების რისკს ამცირებს. თუმცა ამბის დიდი ნაწილი არის არასწორი და დამაზიანებელი, მაგალითად, სხვადასხვა მეთოდი, როგორ დაისვას ახალი კორონავირუსის დიაგნოზი.
3. ყურადღება მიაქციეთ „ფეიკ ნიუსებს“
არ არის გამორიცხული, ყალბი ახალი ამბავი სანდო მედიასაშუალების ან ოფიციალური უწყების სახელით ვრცელდებოდეს. ასეთი ამბები, როგორც წესი, სქრინებად ვრცელდება, სადაც სხვადასხვა სამონტაჟო პროგრამით არის შეცვლილი წყაროს დასახელება და ისე გამოიყურება, როგორიც ნამდვილი. ასეთ დროს აუცილებლად უნდა შეხვიდეთ აღნიშნული მედიასაშუალების ან უწყების ვებგვერდზე და გადაამოწმოთ ინფორმაცია.
4. თუ ამბის ნამდვილობაში დარწმუნებული არ ხარ, ნუ გააზიარებ!
ხშირად, ზოგიერთი ჩვენგანი დაუფიქრებლად აზიარებს ახალ ამბებს, ისე რომ თავადაც ეჭვი ეპარება ნამდვილობაში. მსგავსი საქციელით დიდი ზიანი მოგვაქვს აუდიტორიისთვის, რადგან ჩვენი მეგობრები შეცდომაში შეგვყავს.
5. ყურადღება მიაქციე ემოციურ პოსტებს
ყალბი ახალი ამბების წყაროები ცრუ ინფორმაცია ისეთი ფორმით ავრცელებენ, რომ საზოგადოებაზე ემოციური გავლენა მოახდინოს, რათა უფრო დიდი ალბათობა იყოს ამ ამბის ფართოდ გავრცელების. სწორედ ამ ტიპის ინფორმაციის მიმართ გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე და ცივი გონებით მიდგომა.
როგორც წესი, ამბები, რომლებიც იწვევს გაბრაზებას, შეშინებას, ემპათიას ან სიხარულს, ხდება ვირუსული და ფართოდ ვრცელდება საზოგადოებაში.
ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქაში ყალბი ახალი ამბები იმდენად სწრაფად ვრცელდება, ვიდრე გაზიარების ღილაკს თითს დავაჭერთ, იქამდე მეტი დაფიქრება გვმართებს, რათა ასობით ადამიანს ზიანი არ მივაყენოთ ჩვენ მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციით.