კომფორტულად ზიხართ? ერთი წამით შეჩერდით და ისე, რომ არ გაინძრეთ, დააკვირდით თქვენს პოზას. რა მდგომარეობაში გაქვთ ფეხები?
ერთმანეთზეა გადადებული? მარჯვენა ფეხს იდებთ მარცხენაზე თუ პირიქით? ადამიანთა 62 პროცენტი მარჯვენა ფეხს იდებს მარცხენაზე, 26 პროცენტი პირიქით და 12 პროცენტისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
ძირითადად, არსებობს სკამზე ჯდომის და ფეხების ერთმანეთზე გადადების ორი გზა. ერთი არის მუხლი მუხლზე, მეორე კი კოჭის კოჭზე. თუმცა, რამდენად კომფორტულიც არ უნდა იყოს ფეხებგადადებული ჯდომა, არის თუ არა ეს საზიანო ჯანმრთელობისთვის? მოდი, გადავავლოთ თვალი მტკიცებულებებს.
ამ საკითხის შესახებ, ლანკასტერის უნივერსიტეტის პროფესორი ადამ ტეილორი გამოცემა The Conversation-ში წერილს აქვეყნებს. ჩვენი სტატია სწორედ ამ წერილის საფუძველზეა მომზადებული.
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ კვლევების მიხედვით, ფეხი-ფეხზე გადადებული ჯდომა ზრდის თეძოების არასწორ განლაგებას, ანუ ერთი თეძო შეიძლება მეორეზე მეტად დაგრძელდეს.
ამას გარდა, ასე ჯდომა ცვლის ქვედა კიდურების სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობის სიჩქარეს, რაც ზრდის თრომბის რისკს.
კვლევათა უმეტესობა მიუთითებს, რომ მუხლებზე ფეხის ფეხზე გადადება უარესია, ვიდრე კოჭებზე. მართლაც, ასე ჯდომას შეუძლია სისხლის წნევის ზრდა, რადგან ამ დროს, თქვენს ვენებში სისხლი გუბდება და გულს ამის წინააღმდეგ უწევს მუშაობა.
იზრდება სისხლძარღვების დაზიანების რისკიც; სწორედ ამიტომ არის, რომ სისხლის წნევის გაზომვისას, ფეხები იატაკზე უნდა გველაგოს.
რაც უფრო დიდხანს და ხშირად ზიხართ ფეხი-ფეხზე გადადებული, მით უფრო მეტია შანსი, რომ მოხდეს გრძელვადიანი ცვლილებები კუნთების სიგრძესა და მენჯში ძვლების განლაგებაში. ამავე დროს, ჩონჩხის აგებულებიდან გამომდინარე, ფეხების გადაჯვარედინებამ შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლისა და მხრების არასწორი განლაგება.
კისრის ძვლებში ცვლილებების გამო, თქვენი თავის ადგილმდებარეობა შეძლება ბალანსიდან ამოვარდეს, რადგან ხერხემალი ცდილობს, სიმძიმის ცენტრი მენჯის ზემოთ შეინარჩუნოს.
იმის გამო, რომ ამ დროს თქვენი ერთი გვერდი მეორეზე სუსტია, შეიძლება დაზარალდეს კისერიც. ცუდი პოზისა და ფეხების გადაჯვარედინების შედეგად გაჩენილი დაძაბულობის გამო, ასეთივე დისბალანსი შეიმჩნევა მენჯისა და ქვედა წელის კუნთებშიც.
დუნდულა კუნთების ცალ მხარეს ხანგრძლივი დაჭიმულობის გამო, არასწორი განლაგება შეიძლება მიიღოს მენჯმაც.
დიდხანს ფეხებგადაჯვარედინებული ჯდომა ზრდის სქოლიოზისა და სხვა დეფორმაციების ალბათობას. ასევე შეუძლია გამოიწვიოს დიდი ციბრუტის ტკივილის სინდრომი (ციბრუტი არის შვერილი ბარძაყის ძვლის ზედა ნაწილში), საკმაოდ გავრცელებული და მტკივნეული მდგომარეობა, რომელიც აზიანებს ბარძაყის გარე ნაწილს.
კვლევები იმასაც აჩვენებს, რომ გადაჯვარედინებული ფეხებით ჯდომამ შეიძლება დააზიანოს მცირე წვივის ნერვი.
ეს კი ძირითადად ვლინდება სისუსტის სახით ფეხის პატარა თითების აწევის მცდელობისას. თუმცა, დისკომფორტი ხანმოკლეა და რამდენიმე წუთში ფეხი ჩვეულებრივ მდგომარეობას უბრუნდება.
არის იმის მტკიცებულებებიც, რომ გადაჯვარედინებული ფეხები აზიანებს სპერმის წარმოებას. იმიტომ, რომ სათესლე ჯირკვლების ტემპერატურა სხეულის სტანდარტულ ტემპერატურაზე 2 °C – 6 °C-ით დაბალი უნდა იყოს.
ჯდომა სათესლე ჯირკვლების ტემპერატურას 2 °C-ით ისედაც ზრდის და ფეხების ერთმანეთზე გადადებისას ტემპერატურა შეიძლება 3,5 °C-ით გაიზარდოს. კვლევები მიუთითებს, რომ სათესლე ჯირკვლებში ტემპერატურის ზრდა ამცირებს სპერმატოზოიდების რაოდენობას და ხარისხს.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ქალის და კაცის ანატომიაში არსებულ განსხვავებათა გამო, ქალებისთვის ფეხი-ფეხზე გადადებული ჯდომა ალბათ უფრო ადვილია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ კაცებს ბარძაყებთან მოძრაობის უფრო მცირე დიაპაზონი აქვთ.
თუმცა, კვლევები არაფერს ამბობს იმაზე, რომ ფეხებგადაჯვარედინებული ჯდომა ზოგიერთისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს. მაგალითად, 2016 წელს ჩატარებული ერთი პატარა კვლევის მიხედვით, იმ ადამიანებს, რომლებსაც ერთი ფეხი მეორეზე გრძელი აქვთ, ფეხი-ფეხზე გადადებული ჯდომა ეხმარება მენჯის ორივე მხარის სიმაღლის რეგულირებაში და უმჯობესდება განლაგება.
როგორც ჩანს, ფეხებგადაჯვარედინებული ჯდომა ასევე ამცირებს ზოგიერთი კუნთის აქტივობას, განსაკუთრებით ირიბი კუნთებისას (კუნთი, რომელიც ერთ-ერთი ბოლოთი ძვალს არ ემაგრება). ეს კი შეიძლება ძირითად კუნთებს დასვენებაში ეხმარებოდეს.
საბოლოო ჯამში, ალბათ უკეთესია, რომ თუ შეგვიძლია, თავი ავარიდოთ ფეხი-ფეხზე გადადებულ ჯდომას.
ასეთ პოზაში ჯდომასთან დაკავშირებულ რისკ-ფაქტორებს შეიძლება ამწვავებდეს სხვა თანმხლები პრობლემებიც, მაგალითად, უმოძრაო ცხოვრების წესი და სიმსუქნე.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.