რატომ აქვს ზებრას ზოლები - კითხვა, რომელზეც ჯერ ზუსტი პასუხი არ არსებობს
რატომ აქვს ზებრას ზოლები - კითხვა, რომელზეც ჯერ ზუსტი პასუხი არ არსებობს

ზებრებს ზოლები სულაც არ ეხმარება სხეულის ტემპერატურის რეგულირებაში. ამ დასკვნამდე მივიდნენ უნგრელი მკვლევრები, რომლებიც ამ ცხოველის საოცარი ზოლების დიდი ხნის საიდუმლოს ამოხსნას ცდილობდნენ.

ზებრა ჯადოსნური ცხოველია. მაღალი ტანითა და გრძელი სახით ძალიან ჰგვანან ცხენებისებრთა ოჯახის სხვა წარმომადგენლებს. მათგან განსხვავებით, ისინი გამოირჩევიან თვალისმომჭრელი თეთრი და შავი ზოლებით.

ასეთ შეფერილობას აუცილებლად უნდა ჰქონდეს მიზეზი, რომლის გარკვევასაც მეცნიერები დღემდე ცდილობენ.

ერთ-ერთი მოწინავე ჰიპოთეზის მიხედვით, ისინი ზებრებს გაგრილებაში ეხმარებიან. ამ მოსაზრებას მხარს უჭერდა ის ფაქტიც, რომ უფრო თბილ კლიმატში ბინადარ ზებრებს სხეულზე უფრო მეტი ზოლები აქვთ, ვიდრე ცივი რეგიონის ბინადართ.

ამ მოსაზრების მიხედვით, გამომდინარე იქიდან, რომ შავი და თეთრი სითბოს სხვადასხვანაირად შთანთქავენ და ირეკლავენ, ზოლებს გარშემო ჰაერი სხვადასხვა მაჩვენებლით მოძრაობს. თეორიულად, ეს უნდა წარმოქმნიდეს ციცქნა კონვექციურ ნაკადებს ზოლების საზღვრებს შორის, რაც ზებრას უნდა აგრილებდეს.

ძალიან დამაინტრიგებელია, არა?

იმისათვის, რათა ამ მოსაზრების მართებულობა შეემოწმებინა, ბუდაპეშტის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა გაბორ ჰორვატის ხელმძღვანელობით, საკმაოდ საინტერესო მეთოდი გამოიყენა — წყლის კასრები ზებრების კანით დაფარეს.

„წყლით სავსე ლითონის კასრებს შემოვახვიეთ სხვადასხვა ფრის ცხენის, ძროხის და ზებრის ტყავები“, — წერია კვლევაში.

ბალონები ოთხი თვის განმავლობაში დატოვეს ღია ცის ქვეშ და მუდმივად აკონტროლებდნენ შიგნით არსებულ ტემპერატურას. თერმოგრაფიის გამოყენებით, ბალონების ზედაპირზე ტემპერატურის გადანაწილება შეადარეს ცოცხალი ზებრებისას.

მზით განათებულ იმ კასრებში, რომლებსაც ზებრის საფარი ჰქონდა შემოკრული, დაფიქსირდა ზედაპირის ისეთი ტემპერატურა, რომელსაც მზეზე მყოფი ზებრები რეალურად იღებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯგუფს ხელთ ჰქონდა ძლიერ ანალოგი.

მაგრამ როცა მკვლევრებმა სხვადასხვა კანით დაფარულ კასრებს შიგნით არსებული ტემპერატურები შეადარეს, ძალიან ცხელ დღეებშიც კი, აღმოჩნდა, რომ ზებრის კასრი დიდად არ განსხვავდებოდა რუხი კასრისგან.

გამომდინარე აქედან, სავარაუდოა, რომ ზოლები სულაც არ წარმოქმნის თერმორეგულაციას.

„ბარელებს შიგნით არსებული საშუალო ტემპერატურა შემდეგნაირად იზრდებოდა: თეთრი ძროხა, რუხი ძროხა, ნამდვილი ზებრა, ხელოვნური ზებრა, რუხი ცხენი, შავი ძროხა“, — წერენ მკვლევრები.

იმისათვის, რათა ამოვხსნათ ზებრების ზოლების დანიშნულების საიდუმლო, საჭიროა დავუბრუნდეთ საწყის ეტაპს.

წინა ორმა კვლევამ უკვე გამორიცხა ორი სხვა მოსაზრება — კამუფლაჟი და სოციალური ურთიერთობა. შესაბამისად, მეცნიერები მიზანთან სულ უფრო ახლოს მიდიან.

რჩება ორი ძირითადი ჰიპოთეზა. პირველი მათგანის მიხედვით, ზოლები წარმოქმნის გარკვეული სახის ოპტიკურ ილუზიას, რომელიც თვალს სჭრის მტაცებლებს, როდესაც ზებრა გარბის. შესაძლებელია, მაგრამ „ჟიურის“ დიდ მოწონებას ეს მოსაზრება მაინც არ იმსახურებს.

მეორე ჰიპოთეზის მიხედვით, ზოლები აკავებს მკბენარ, სისხლისმწოველ მწერებს. ეს შესაძლებელი ხდება პოლარიზაციის საშუალებით. 2012 წელს ჩატარებულმა კვლევამ (რომლშიც ასევე მონაწილეობდა ჰორვატი) დაადგინა, რომ ღია და მუქი ზოლები პოლარიზებულ სინათლეს ისე ირეკლავს, რომ აკავებს მფრინავ მწერებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მწერებს არ მოსწონთ ზებრის ზოლებზე დაჯდომა.

ეს მოსაზრება კარგად ხსნის იმასაც, რატომ აქვთ მეტი ზოლები თბილ კლიმატში ბინადარ ზებრებს. ის მწერები, რომლებიც ზებრების ყველაზე დიდ შემწუხებლებად ითვლებიან, ასევე თბილ რეგიონებს ამჯობინებენ.

მიუხედავად ამისა, ზოლების არსებობა შესაძლებელია, განპირობებული იყოს სხვა მრავალი მიზეზით. ყველაფერს რა თქმა უნდა დეტალური, საფუძვლიანი საველე კვლევები გაარკვევს.

კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია nature.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.