რატი იონათამიშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ყველა გარემოებას გამოძიება დაადგენს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების თაობაზე ყველა გარემოებას გამოძიება დაადგენს.
დეპუტატი ამბობს, რომ ფაქტი ძალიან ტრაგიკულია.
„თითოეული ჩვენგანი ვლოცულობდით და იმედი გვქონდა, რომ ცოცხალი დაუბრუნდებოდა საკუთარ ოჯახს. შემზარავი ამბავი გავიგე და ოჯახს ვუსამძიმრებ. ცხადია, გამოძიება დაადგენს ყველა იმ გარემოებას, თუ რა მოხდა და ამ ყველაფერს წინ რა უძღოდა. შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს უნდა დაველოდოთ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
თამარ ბაჩალიაშვილს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, ის სახლიდან საკუთარი ავტომობილით შაბათს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.