რატი იონათამიშვილი - ყველა აქტორმა, ვინც საქართველოს მეგობრად მიიჩნევს თავს, სამართლიანობაზე დაფუძნებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ყველა აქტორმა, ვინც საქართველოს მეგობრად მიიჩნევს თავს, სამართლიანობაზე დაფუძნებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები.
იონათამიშვილის შეფასებით, საქართველოს მეგობრებს არ უნდა ჰქონდეთ ისეთი პოზიცია, რომელიც საზოგადოებაში უსამართლობის განცდას გააღვივებს.
„საქართველო სტატუსს როცა იმსახურებდა, პერსპექტივა მივიღეთ. ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შემდეგ მოუწიათ ბოდიშის მოხდა და აღიარება, რომ მაშინ სტატუსის არმონიჭება მათი შეცდომა იყო. იმედია, ისინი შეცდომებზე სწორ დასკვნებს გამოიტანენ და სამართლიან გადაწყვეტილებებს მიიღებენ“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა დაფინანსების საკითხზე საუბრისას.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ 9 ივლისს განაცხადა, რომ „ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაყინონ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვაც იგეგმებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის“. ჰერჩინსკიმ ასევე აღნიშნა: „ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისადმი ეტაპობრივად შემცირდება და მიმართული იქნება სამოქალაქო საზოგადოების, მედიის მხარდასაჭერად“.