რატი იონათამიშვილი - ყურადღებით ვეცნობით მეგობარი ქვეყნების განცხადებებს, მაგრამ ვმოქმედებთ ისე, როგორც, პირველ რიგში, სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, ეროვნულ უსაფრთხოებას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მეგობარი ქვეყნების განცხადებებს ყურადღებით ეცნობა, თუმცა, პირველ რიგში, საქართველოს საზოგადოების ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.
იონათამიშვილის თქმით, სახალხო შეკრებაზე იყო ძლიერი ლეგიტიმაცია იმ ინიციატივების ბოლომდე მიყვანისა, რაზეც „ქართული ოცნება“ მუშაობს.
რატი იონათამიშვილის განმარტებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ არგუმენტები არ მოუსმენია.
„ცხადია, ყურადღებით ვეცნობით ჩვენი მეგობარი ქვეყნების განცხადებებს, მაგრამ ვმოქმედებთ ისე, როგორც, პირველ რიგში, ეს ჩვენს საზოგადოებას, ეროვნულ უსაფრთხოებას სჭირდება. ჩვენ, პირველ რიგში, ვასრულებთ ჩვენი მოქალაქეების დაკვეთას და მნიშვნელოვანი იყო ზუსტად ის შეხვედრა, რომელიც 29 აპრილს გაიმართა. საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე იყო ძალიან ძლიერი ლეგიტიმაცია იმ ინიციატივების ბოლომდე მიყვანისა, რაზეც „ქართული ოცნება“ მოსახლეობასთან ერთად მუშაობს. აქამდე ვერავინ თქვა, რატომ არის გამჭირვალობის შესახებ ქართული კანონი ცუდი, ამის არგუმენტები არ მომისმენია არც შიდა და არც გარე აქტორებისგან. ამიტომ ჩვენ შორს ვართ სუბიექტური მოსაზრებებისგან და მნიშვნელოვანია, მომდევნო სასესიო კვირაში უკვე მესამე მოსმენაზე ვიმუშაოთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია: „აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონმდებლობას, ეს კანონი და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს საშიშ მიმართულებაზე აყენებს“.