რატი იონათამიშვილი - წინ კიდევ ბევრი გამარჯვება იქნება, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით საქართველოსთვის, საქართველოსთან ერთად
2024 წელი განსაკუთრებულად წარმატებული და უპრეცედენტო აღმოჩნდა ქართული სპორტისთვის. ფაქტობრივად, არ დარჩა გუნდური თუ ინდივიდუალური დისციპლინები, სადაც ჩვენ არ შეგვექმნა ისეთი ისტორია, რომლითაც თაობები იამაყებენ, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ისტორიაში პირველად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, გადალახა ჯგუფური ეტაპი და მხოლოდ ევროპის ჩემპიონს დაუთმო ესტაფეტა.
„ოლიმპიურმა ნაკრებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სამი ოქროთი, სამი ვერცხლით და ბრინჯაოთი საუკეთესო შედეგი აჩვენა. რეკორდული იყო პარალიმპიადაც და მე განსაკუთრებით ვამაყობ ჩვენი პარაათლეტებით. აქამდე სულ, ჯამში, ოთხი მედალი გვქონდა, ახლა კი ერთ პარალიმპიადაზე 9 მედალი მოვიპოვეთ. შერეულ ორთაბრძოლებში ილია თოფურიას შემდეგ, გვყავს კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონი – მერაბ დვალიშვილი. მკლავჭიდის ნაკრებმა 42 მედალი ჩამოიტანა მსოფლიოს ჩემპიონატიდან. ნებისმიერი ჩვენზე ბევრად დიდი და ჩვენზე ბევრად მდიდარი ქვეყანა იამაყებდა ასეთი სპორტული შედეგებით და ეს წარმატება, ეს პროგრესი, ცხადია, შემთხვევით არ მოსულა“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
იონათამიშვილის განცხადებით, 12-წლიანი მშვიდობა, რომელიც ხელისუფლებამ უზრუნველყო, პირდაპირ კავშირშია ქართული სპორტის განვითარებასთან და უმაღლესი შედეგების მოპოვებასთან.
„ცხადია, ქვეყანაში სპორტი და, მით უმეტეს, პარასპორტი ვერ განვითარდება სახელმწიფოს ძლიერი მხარდაჭერის გარეშე. ჩვენი სპორტსმენები და პარაათლეტები არიან საქართველოს ელჩები, რომლებიც საუკეთესო მხრიდან აცნობენ სხვა ქვეყნებს ჩვენს სამშობლოს. ხან ღირსების გაკვეთილებს უტარებენ მეტოქეებს, როგორც გიგა ოჩხიკიძემ თავის მომჩივნებს, ხან სპორტული ტაქტიკის მასტერ კლასს, როგორც დვალიშვილმა ო’მალის, ხან სპორტული ინტელექტის ლექციას, როგორც ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთს. სპორტის მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ მაღალი მიღწევებისთვის ბრძოლა. სპორტი აერთიანებს საზოგადოებას, აძლიერებს სამოქალაქო ინკლუზიას. ამყარებს ჯანსაღი ცხოვრების წესს და შთააგონებს თაობებს ღირსეული და მისაბაძი იდეალებით, ამიტომ ვინც წარმატებულ სპორტსმენს ერჩის – ის ერჩის წარმატებას საზოგადოებაში“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს ქედს უხრიან მთელ მსოფლიოში, საქართველოში კი არიან ადამიანები, ვინც მათ ბულინგს კადრულობენ.
„ვინც არ უნდა ეცადოს, გამარჯვებულის ფსიქოლოგიას ვერ ამოშლის ჩვენი ეროვნული გენეტიკიდან. ამიტომ მადლობა ჩვენს სპორტსმენებს, ჩვენს პარაათლეტებს. წინ კიდევ ბევრი გამარჯვება იქნება, მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და კეთილდღეობით საქართველოსთვის და საქართველოსთან ერთად“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.