რატი იონათამიშვილი - ვიზების შეზღუდვის ამოქმედება არასერიოზული იქნება, სამართლიანობას მოკლებული გადაწყვეტილებები საზოგადოებაში პროტესტისა და უსამართლობის განცდას იწვევს
ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ვიზების შეზღუდვაზე საუბარი არასერიოზული იყო, შესაბამისად, მისი ამოქმედებაც არასერიოზული იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, გადაწყვეტილებები, რაც ობიექტურობას და სამართლიანობას მოკლებულია, საზოგადოებაში პროტესტის და უსამართლობის განცდას იწვევს.
„ამ დღეების განმავლობაში, ყოველდღიურად, ფაქტობრივად, ერთსა და იმავე შინაარსის ბრიფინგებს ვისმენდით, მაგრამ სიაზე საუბარი ისევ ტაბუირებული და იდუმალია, მაშინ როდესაც მოსამართლეებთან დაკავშირებით გვახსოვს, თავად საქართველოში ამერიკის ელჩმა გააკეთა ვიდეომიმართვა და იქ ამცნო საზოგადოებას, რომ სავიზო შეზღუდვებს უწესებდა შესაბამის პირებს. ეს მაშინაც კონტრპროდუქტიული იყო და ახლაც კონტრპროდუქტიული იქნება ჩვენი საზოგადოების მხრიდან, ვინაიდან ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მოკლებულია ობიექტურობას და სამართლიანობას, საზოგადოებაში იწვევს პროტესტს და უსამართლობის განცდას. ამიტომ მნიშვნელოვანია, ისეთი შეცდომები არ იყოს საქართველოს მიმართ დაშვებული, როგორიც იყო, მაგალითად, 1991 ან 2008 წლებში, რომლის შედეგები არა მარტო საქართველოზე, არამედ სხვა ქვეყნებზე უფრო მეტად აისახა. ამ შემთხვევაშიც დარწმუნებული ვარ, ასე იქნება.
საქართველოსა და საფრანგეთში გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების პროცესმა შექმნა ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითი. კერძოდ, ფრანგული, რომელიც ბევრად უფრო მკაცრი და მძიმე რედაქციაა ქართულთან შედარებით, საერთაშორისო აქტორებისთვის შეუმჩნეველი დარჩა, საქართველოს მიმართ კი გვესმოდა და გვესმის საკმაოდ არაობიექტური ზეწოლის და კრიტიკის მცდელობები. თუმცა, ამას ჩვენზე არ უმოქმედია, ვინაიდან, როდესაც შენ შენი ქვეყნის ამოცანებით მოქმედებ, არანაირ ზეწოლას და კრიტიკას შედეგის მოხდენის ძალა ვერ და არ ექნება. უბრალოდ, ეს პროცესი საზოგადოებას უმარტივებს ყველაფრის შეფასებას, ვინაიდან ჩვენ ვართ ამაყი და თავისუფალი ხალხი, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენს ღირსებას ვინმე ლახავს ან არასათანადოდ უყურებს და აფასებს, ამაზე რეაქცია ყოველთვის გვაქვს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს, ქვეყანაში დააკანონოს სამშობლოს ღალატი, ჯაშუშობა და დასმენები.
„ის, რაც მათ დაკანონებული აქვთ საკუთარ ცხოვრებაში, უნდათ, რომ ქვეყანაშიც და საზოგადოებაშიც ნორმად აქციონ. ეს არის ფუჭი ბრძოლა და ამისგან არაფერი არ გამოუვათ. ამავდროულად, გვყავს ოპოზიცია, რომელსაც ქვეყნის შიგნით არანაირი მხარდაჭერა არ აქვს და ჰგონიათ, რომ არჩევნებს იგებს არა ქართველი ხალხი, არამედ საერთაშორისო აქტორები, რაც, რა თქმა უნდა, მცდარია. ესეც ქვეყნის მიმართ მათ უპატივცემულო დამოკიდებულებას და უსამშობლოობას უსვამს ხაზს. საბოლოო ჯამში, ოქტომბრის არჩევნები იქნება მათთვის ძალიან მძიმე, ვინაიდან ჩვენი საზოგადოება გამოიტანს იმ ვერდიქტს, რომელიც გასაჩივრებას აღარ დაექვემდებარება“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ გამოაცხადა. მისივე თქმით, პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს.