რატი იონათამიშვილი - უსაფრთხოების ჯიხურზე ასვლა, ღობეზე გადაძრომა არის პროვოკაცია, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს პროტესტის გამოხატვასთან
„ნაციონალური მოძრაობა“ როცა ამბობს, რომ არ ყოფილა სანდრო გირგვლიანის საქმე, 7 ნოემბერი და ის დანაშაულები, რაზეც სტრასბურგის სასამართლოს კონკრეტული ვერდიქტები აქვს გამოტანილი, ამით შეურაცხყოფას აყენებენ არა მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც საკუთარ თავზე იგრძნო ამ რეჟიმის სისასტიკე, არამედ სამართლიანობის პრინციპსაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, ფაქტობრივად, ისინი ამბობენ, რომ მედიის დევნა, ადამიანების წამება, სიცოცხლის უფლების მოსპობა ნორმალური ყოფილა.
„ეს არის ის კრებითი სახე, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს და საკუთარ ღირებულებებს ააშკარავებენ“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
რაც შეეხება სასამართლოსთან მიმდინარე პროცესებს, იონათამიშვილის შეფასებით, უსაფრთხოების ჯიხურზე ასვლა, ღობეზე გადაძრომა არის პროვოკაცია, რასაც პროტესტის გამოხატვასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„ნაციონალური მოძრაობა“ აქციებს იყენებს იმისთვის, რომ პროვოკაციები მოაწყოს. მათთვის პროვოკაციებით იქნება ერთადერთი შედეგი ის, რომ მათი მარგინალიზაცია ხდება. ნებისმიერი პროვოკაცია იქნება აღკვეთილი სამართალდამცველებისმხრიდან და ვერავინ შეუშლის ხელს, რომ ეს პროცესი იყოს დაცული“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც ესწრება. პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი არიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები.