რატი იონათამიშვილი - უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მსურს, უკრაინელ კოლეგებს მოვუწოდო, რომ ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობას გაფრთხილება უნდა
უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა და მსურს, ჩვენს უკრაინელ კოლეგებს მოვუწოდო, რომ ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობას გაფრთხილება უნდა, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო არჩევის საკითხზე კომენტირებისას.
„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, მე მინდა, ჩემს უკრაინელ კოლეგებსაც შევახსენო, რომ ეს ადამიანი არა მხოლოდ ქართული სასამართლოების მხრიდან არის ცნობილი დამნაშავედ და არის ძებნილი, არამედ სტრასბურგის სასამართლოს მხრიდანაც არის მიჩნეული გირგვლიანის საქმეზე როგორც სისტემური დანაშაულის მთავარი დირიჟორი და ორგანიზატორი. მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ეყოფათ გონიერება ჩვენს უკრაინელ კოლეგებს და სააკაშვილის კანდიდატურა არ იქნება მხარდაჭერილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხადია, ეს აისახება ჩვენი მეგობარი ქვეყნების ურთიერთობაზე, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასი და გასაფრთხილებელია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.