რატი იონათამიშვილი - უჩა აბაშიძის მორალის ხალხი გამოდის და ცდილობს, სხვა დააბულინგოს, ეს საზოგადოებისთვის მიუღებელია და მკაცრი რეაქცია ექნება, რადგან მოსახლეობა უსამართლობას ვერ იტანს
უჩა აბაშიძის მორალის ხალხი გამოდის და ცდილობს, სხვა დააბულინგოს, ეს საზოგადოებისთვის მიუღებელია და მკაცრი რეაქცია ექნება, რადგან მოსახლეობა უსამართლობას ვერ იტანს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ დგას პოლარიზაციის და ბულინგის უკან.
„რადიკალური ოპოზიცია და გლობალური ომის პარტია საზოგადოებამ უკვე რვა არჩევნებში გაასამართლა, მათ მიმართ უმკაცრესი ვერდიქტი გამოიტანა. ფაქტობრივად, საზოგადოება ამბობს, რომ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსვლა აკრძალული აქვს. ახლა ფსიქოლოგიურ ტერორზე არიან გადასულები და საზოგადოებას ებრძვიან. ამის გამო არჩევნებზე კიდევ უფრო მკაცრად დაისჯებიან. ვფიქრობ, „ნაცმოძრაობის“ არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივიც შეფასება მოხდეს, რადგან ეს პარტია თავისი დაარსების დღიდან იბრძოდა და იბრძვის საქართველოს წინააღმდეგ.
რაც შეეხება ბულინგს, როცა უჩა აბაშიძის მორალის ხალხი გამოდის და ცდილობს, სხვა დააბულინგოს, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ჩვენს მოქალაქეებს მკაცრი რეაქცია ექნებათ, რადგან მოსახლეობა ყველაზე მეტად უსამართლობას ვერ იტანს. ეს ადამიანები უზნეობას ტირაჟირებენ და უმჯობესია, თავი შეიკავონ იმ კოორდინირებული მოქმედებებისგან, რასაც ისინი აკეთებენ. საზოგადოება არავის არაფერს გაუტარებს და მოუთმენს, რადგან თავად მოღალატეები და აგენტები გამოდიან მსგავსი ბრალდებებით, ეს მიუღებელია. მათი უმსგავსო ქმედებები დასპონსორებულია და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ დგას პოლარიზაციისა და ბულინგის უკან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა: „ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში, ცდილობს ფსიქოლოგიურ ძალადობას კანონის მიმღებთა და მხარდამჭერთა, აგრეთვე მათი მშობლების, შვილების და ოჯახის სხვა წევრების მიმართ. მათი დაუსჯელად დატოვება ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტაბილურობაზე მძიმედ აისახება“.