რატი იონათამიშვილი თინა ბოკუჩავას - სიტყვა ბრმა არც პოლიტიკურად უნდა ითქვას და არც სხვა მიმართულებით, თუ ამის „გაპრავებას“ ეცდებით, უარესი იქნება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენება გააპროტესტა და აღნიშნა, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ძალიან ბევრგან წამყვან კომიტეტების თავმჯდომარეები არიან ოპოზიციის წარმომადგენლები.
როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, კანონი და რეგლამენტი არ კრძალავს კომიტეტის თავმჯდომარედ ოპოზიციის წარმომადგენლის ყოფნას.
„ერთადერთი აკრძალვა არის ბიძინა ივანიშვილის ნება-სურვილი, რომ ამ პარლამენტში ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც რაიმე საპარლამენტო თანამდებობა უკავია, ბრმად და მონურად ასრულებდეს ყველა მის დაკვეთას. ვხედავთ, რომ არა მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის არის დახურული კომიტეტის თავმჯდომარეობის შესაძლებლობა, არამედ თქვენი პარლამენტის პირობებში ნებისმიერი ადამიანი გაბედავს ოდნავ კრიტიკული აზრიც კი დააფიქსიროს, სადამსჯელო ოპერაციის შედეგად ჩამოშორებული იქნება ნებისმიერ საპარლამენტო თანამდებობას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა სიტყვა ბრმის უარყოფით კონტექტსში მოხსენიების გამო გააკრიტიკა.
„ცოტა ხნის წინ ვთქვი, სიტყვა ინვალიდი რატომ არ უნდა ვიხმაროთ და ავხსენი რატომ. ახლა თინა ბოკუჩავამ ბრმა ახსენა კნინობით ფორმაში. არც პოლიტიკურად უნდა ითქვას და არც სხვა მიმართულებით, კონტექსტით ვერ ახსნით და ვერ გააპრავებთ. თუ ამის გაპრავებას ეცდებით, უარესი იქნება თქვენთვის. ძალიან ბევრი უსინათლო და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი მოვა და ამის გულისთვის საკადრის პასუხს გაგცემთ“, – მიმართა რატი იონათამიშვილმა თინა ბოკუჩავას.