რატი იონათამიშვილი - თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება საკმაოდ მაღალი სტანდარტით წარიმართა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება საკმაოდ მაღალი სტანდარტით წარიმართა.
ჟურნალისტებთან საუბარში რატი იონათამიშვილი გენერალური პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გამოძიებამ დაადგინა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მიმდინარე დაკავების ღონისძიებების დროს არც სამართალდამცავი უწყებების მხრიდან და არც ღონისძიებაში მონაწილე სამართალდამცველების მხრიდან გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.
„ღონისძიება ჩატარდა დადგენილი ნორმებისა და სტანდარტების დაცვით. დაკავების ღონისძიების საჭიროება აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე განეიტრალდა საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფება და მიმდინარეობდა ღონისძიება ხუთი პირის მიმართ. სასამართლოს მხრიდან ყველა შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენი დადგინდა, ორმა ადამიანმა დანაშაული და მონაწილეობა აღიარა საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფებაში“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
საქართველოს პროკურატურაში დღეს განაცხადეს, რომ დუისში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სპეცდანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია. შესაბამისად, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყდა.