რატი იონათამიშვილი - ტელეკომპანიაში შეჭრაზე საუბარი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, მსგავსი ქმედების განხორციელებას არავინ აპირებს
ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ გამოძიების, არამედ საზოგადოების თითოეული წევრის ინტერესია, დადგინდეს, ვინ და რა პირობებში მოახერხა 2011 წელს უკანონო ჩანაწერების შენახვა, შემდეგ მისი გავრცელება, ფაბრიკაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია ჩანაწერების ავთენტურობის დადგენა.
„ეს მიზნები და ამოცანები აქვს გამოძიებას, სწორედ იმისთვის მიმართა „ტვ პირველს“, რომ ეს მასალა მოეპოვებინა და საზოგადოების კითხვებს პასუხები უსწრაფესად გასცეს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, ტელეკომპანიაში შეჭრაზე საუბარი ემსახურება იმას, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.
„მსგავსი ქმედების განხორციელებას არავინ აპირებს, შესაბამისად, ასეთი პროპაგანდა არის არარელევანტური და უხერხული“, – განაცხადა იონათამიშვილმა.