რატი იონათამიშვილი - საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ოპოზიციური ლიდერები, რომლებსაც ერთი სული აქვთ, მოხდეს არეულობა, ჰგონიათ, მთელ ქვეყანაში გააჩენენ ცეცხლის კერას
საზოგადოება ხედავდა პოლიტიკური უმცირესობის გუშინდელ უხეშ ვანდალიზმს და ძალადობრივ აქციას. ჰგონიათ, შანსი ექნებათ, ცალკეულ ქუჩებზე ცეცხლის კერების გაჩენის მსგავსად, მთელ ქვეყანაში გააჩენენ ცეცხლის კერას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ სამარკო ნიშანია რადიკალიზაცია და ძალადობა, თუმცა საზოგადოება ამ ყველაფერს სწორად და მკაცრად შეაფასებს.
„საზოგადოება ხედავდა პოლიტიკური უმცირესობის უხეშ ვანდალიზმს და ძალადობრივ აქციას, რომელსაც კარგად ორგანიზებული ხასიათი ჰქონდა და ფაქტია, ეს ვანდალიზმი ერთ და ორ დღეში არ დაიგეგმა. როგორც ჩანს, იმ ტრენინგების შედეგია, რაზეც „ფრანკლინის კლუბი“, „გირჩი“ და სხვა მსგავსი რადიკალური ოპოზიციის, „ნაცების“ წარმომადგენლები მუშაობდნენ. არ გვიკვირს, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობის“ სამარკო ნიშანია რადიკალიზაცია და ძალადობა, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის ნაწილი. საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ის ოპოზიციური ლიდერები, რომლებსაც ერთი სული აქვთ, ჩვენს ქვეყანაში მოხდეს არეულობა. ჰგონიათ, შანსი ექნებათ, ცალკეულ ქუჩებზე გუშინდელი ცეცხლის კერების გაჩენის მსგავსად, მთელ ქვეყანაში გააჩენენ ცეცხლის კერას, საზოგადოება ამ ყველაფერს ძალიან სწორად და მკაცრად შეაფასებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, აქციის მონაწილეთა ნაწილს გაურკვეველი წარმოშობის ნივთები ჰქონდათ, კერძოდ, მხუთავი აირი, რომელიც გაყიდვაში არ არის.
რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ საზოგადოებისთის საინტერესოა, საიდან, როგორ მოხდა მათი აღჭურვა, რა მიზანს ემსახურებოდა.
„ცალსახად უნდა აღვნიშნოთ, ჩვენმა სამართალდამცავებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საკუთარი მაღალი პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი. რაც შეეხება გაურკვეველი წარმოშობის ნივთებს, კერძოდ მხუთავ აირებს, რომელიც არ არის გაყიდვაში, ძალიან საინტერესოა, საიდან, როგორ მოხდა ამ რადიკალური ჯგუფების აღჭურვა, რა მიზანს ემსახურებოდა. ეს დეტალები საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესოა. დარწმუნებული ვარ, ამაზე ინფორმაცია გვექნება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აქციის თითოეული მონაწილე იყენებდა სხვადასხვა საგანს, მათ შორის გაურკვეველი წარმოშობის ისეთ მხუთავ აირებსა და გაზს, რომლებიც არცერთ ღია ქსელურ მაღაზიებში არ იყიდება.