რატი იონათამიშვილი - შეზღუდული შესაძლებლობის თემის პროვოკაციისთვის ან საკუთარი ლიდერის საამებლად გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე უღირსი საქციელია, რაც შეიძლება, ადამიანმა იკადროს
შეზღუდული შესაძლებლობის თემის პოლიტიკური მიზნებისთვის, პროვოკაციისთვის ან საკუთარი ლიდერის საამებლად გამოყენება არის ერთ-ერთი ყველაზე ამორალური და უღირსი საქციელი, რაც ადამიანმა შეიძლება იკადროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
იონათამიშვილი პარლამენტში დღეს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
„დღეს შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა, ამ დღეს ჩვენ არ ვულოცავთ ერთმანეთს, არამედ ვახდენთ ფოკუსირებას პრობლემურ საკითხებზე, რადგან შშმ პირთა უფლებებზე მუშაობა არის ჩვენი ყოველდღიური ვალდებულება. ამის ფონზე, რაც დღეს პლენალურ სესიაზე იკადრა ერთმა პირმა, რომელმაც შშმ ბავშვებთან და მოზარდებთან შეუთანხმებლად სცადა რადიკალიზაცია, რითიც არ გაუფრთხილდა მათ ინტერესებს და მიაყენა სტრესი, არის მხოლოდ ზიზღის უკიდურესი გამოვლენა. მაგრამ კიდევ უფრო მძიმეა იმ ადამიანების ფაშისტური ფსიქოლოგია, ვისთან ერთადაც დაიგეგმა ეს პროვოკაცია და ვინც ტაშს უკრავდა დარბაზიდან. ეს კლასტერი ყველას, მათ შორის, შშმ ბავშვებს გამოიყენებს ერთსაათიანი რადიკალური ნიუსებისთვის. მძიმე სურათები ვნახე, სადაც ბავშვები არიან შეწუხებული და პროვოკატორი მომღიმარი, მაგრამ მათ, ცხადია, არ გავაზიარებ.
დღეს გაერო-ში უნდა ვისაუბრო იმ დამსახურებაზე, რაც ქართველ შშმ პირებს აქვთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, იმ დაჭრილ 300 სამხედრო მოსამსახურეზე, ვინც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში იცავდა გლობალაურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას! იმ მიღწევევსა და გამოწვევებზე, რაც შშმ პირთა უფლებების განმტკიცებისთვის გვაქვს დღეს საქართველოში. გარდა ამისა, გვაქვს პროაქტიული დღის წესრიგი. ბოლო ერთი წელი ფუნდამენტური გადაწყვეტილებების და ცვლილებების წელი იყო და მნიშვნელოვანი სიახლეები კიდევ გვექნება მალე. ცხადია, მსგავს არაჯანსაღ ქმედებებს ერთადერთი რა შედეგიც ექნება, გამოააშკარავებს რადიკალების რეალურ სახეს და „ღირებულებებს““, – წერს რატი იონათამიშვილი.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში დღეს ინციდენტი მოხდა. პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, ერთ-ერთმა მოქალაქემ გადმოფინა ბანერი შეძახილით – „არა რუსულ კანონს“. ამასთან, მან დარბაზში, სავარაუდოდ, რუსული რუბლები გადმოყარა.