რატი იონათამიშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ პარალიმპური მოძრაობისა და შშმ პირთა მხარდაჭერას მდგრადი ხასიათი აქვს, ნებისმიერი მნიშვნელოვანი აქტივობა უანგარო და პროფესიონალური მხარდაჭერის საგანია
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ პარალიმპური მოძრაობისა და შშმ პირთა მხარდაჭერას მდგრადი ხასიათი აქვს, ნებისმიერი მნიშვნელოვანი აქტივობა უანგარო და პროფესიონალური მხარდაჭერის საგანია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის 2020-2021 წლების ანგარიშის განხილვისას განაცხადა.
დეპუტატმა საზოგადოებრივ მაუწყებელს შშმ პირთა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ძალიან მახარებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხარისხი თვიდან-თვემდე იზრდება და ვითარდება, სულ უფრო მაღალ სტანდარტს იჭერს მედიასივრცეში, როგორც მაუწყებლობის, ასევე სოციალური მედიის სივრცეში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, ყველა ავტორიტეტული, საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში უმაღლეს შეფასებას იღებს, განსაკუთრებით, არჩევნებთან მიმართებაში და მნიშვნელოვანია, რომ ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ცალკეული ოპოზიციის დეპუტატები პირდაპირ თავს ესხმიან მაუწყებლის ჟურნალისტებს, დახურვით ემუქრებიან საზოგადოებრივ მაუწყებელს, მაინც ინარჩუნებს მიუკერძოებლობას და ეს არის უმნიშვნელოვანესი. აქვე, არ ვიქნები გულწრფელი, თუ არ გამოვეხმაურები და მადლობას არ ვეტყვი განსაკუთრებით იმისთვის, რომ მართლაც უპრეცედენტო მოვლენა იყო, არა მხოლოდ სპორტული, არამედ სოციალური, სამოქალაქო თვალსაზრისით, ტოკიოს ზაფხულის პარალიმპური თამაშების ჩვენება, რაც პირველად მოხდა ჩვენს ქვეყანაში და რაც ერთ-ერთი მძლავრი ნაბიჯი იყო შშმ პირთა მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში. ამასთან, პარალიმპური მოძრაობის და შშმ პირთა მხარდაჭერა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ამით არ შემოიფარგლება, ამას ფაქტობრივად მდგრადი ხასიათი აქვს. ნებისმიერი მნიშვნელოვანი აქტივობა, რაც იმართება ჩვენს ქვეყანაში, არის საზოგადოებრივი მაუწყებლის უანგარო და პროფესიონალური მხარდაჭერის საგანი, რაც უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.