რატი იონათამიშვილი - საზოგადოებამ „ქართული ოცნების“ ვარსკვლავური საარჩევნო სია იხილა, რადიკალურ ოპოზიციას განსაკუთრებით ეშინია წარმატებული ადამიანების და ბულინგს მიმართავენ
საზოგადოებამ „ქართული ოცნების“ ვარსკვლავური საარჩევნო სია იხილა. რადიკალურ ოპოზიციას განსაკუთრებით ეშინია წარმატებული ადამიანების და ბულინგს მიმართავენ , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, ოპოზიციას 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამანადგურებელი დამარცხება ელოდება.
„საზოგადოებამ ვარსკვლავური სია ნახა. ამ ადამიანებს წარმატების ისტორიები აერთიანებთ, გამოირჩევიან პრინციპულობით, პროფესიონალიზმითა და პატრიოტიზმით. რა თქმა უნდა, რადიკალურ ოპოზიციას განსაკუთრებით ეშინია წარმატებული ადამიანების. ზოგადად, ბულინგს მშიშარა ადამიანები მიმართავენ. ოპოზიცია ძალიან შეშინებულია, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამანადგურებელი წაგება ელოდებათ. ამიტომ ისინი ირჩევენ უპრინციპობას, ცილისწამებას, დეზინფორმაციასა და ბულინგს. ეს ყველაფერი ქართველ ხალხს არჩევანის საშუალებას გაუმარტივებს.
არავის უნდა ეწყინოს, რომ ისეთი შედეგი ექნებათ, რითიც პოლიტიკაში საერთოდ არ უნდა დარჩნენ. მათი ბულინგი მათ ბუნებას აჩვენებს – როგორი მტრული და ზიზღით გამსჭვალული არიან. წარმატებული ადამიანების ეშინიათ. ეშინიათ მათი, ვისაც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი მრავალ ქვეყანაში აუჟღერებიათ და საქართველოს დროშა ყველაზე მაღლა აწეულა. მოღალატეები სხვას ღალატში როცა სდებენ ბრალს, ყველაფერი ბუმერანგივით უკან დაუბრუნდებათ. საკუთარი განცხადებებით თვითლუსტრაციას ეწევიან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ – დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.