რატი იონათამიშვილი - სასამართლო დამოუკიდებლად, ობიექტური გარემოებების საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას სააკაშვილის საკითხზე, ამას ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს
სასამართლო დამოუკიდებლად, ობიექტური გარემოებების საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას და ამას ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
„ერთი შეხედვით, არასერიოზული და უხერხული განცხადებაა, მაგრამ, მეორე მხრივ, მაინც ფაქტია, ეს ადამიანები ცდილობენ, გავლენა მოახდინონ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ეს არის ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევის მორიგი მცდელობა, რასაც, რასაკვირველია, არავის მხრიდან არასდროს ადგილი არ ექნება, ვინაიდან სასამართლო დამოუკიდებლად, ობიექტური გარემოებების საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას და ამას ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი საქართველოს მთავრობისგან ოფიციალურად ითხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უკრაინას გადასცენ, ხოლო თუ ამას არ გააკეთებენ, მაშინ გადაიყვანონ მესამე ქვეყანაში საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.