რატი იონათამიშვილი - საქართველოში მიმდინარე საკითხების მიმართ მნიშვნელოვანია ევროკავშირის მაღალი ჩართულობა და ინტერესი
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის მაღალი ჩართულობა და ინტერესი საქართველოში მიმდინარე საკითხების მიმართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„საკმაოდ პოზიტიურად ვართ განწყობილი, რადგან ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები, საზოგადოების მხარდამჭერები. ასეთი ფორმატი მიგვაჩნია იმის გარანტიად, რომ საქართველოში სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღება მოხდება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
კითხვაზე, ასოცირებაზე რა გაკეთდა, რით მივდივართ 2024 წლის განაცხადამდე, რატი იონათამიშვილმა აღნიშნა: „მას შემდეგ, რაც ჩვენი საარჩევნო პროგრამის მთავარი გზავნილი იყო 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება, განსაკუთრებით, გაძლიერდნენ ამ ინტეგრაციის პროცესის მოწინააღმდეგე ძალები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ“.
მისივე თქმით, სწორედ ამ განაცხადის გამოძახილია პროცესები, რაც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს და ვისაც სურს, რომ საქართველო ევროატლანტიკური გზიდან გადაიყვანოს, მაგრამ ამ პროცესებში კიდევ უფრო გამოიკვეთა დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა.
„იმედი მაქვს, 2024 წელს ჩვენი განაცხადი წარმატებით დასრულდება და ამას გაამყარებს ის რეფორმები, რომელიც ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე განვახორციელეთ და კიდევ უფრო გავამყარებთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.