რატი იონათამიშვილი - საქართველოში დესტრუქციულ ჯგუფებს წარმატება არასოდეს ექნებათ, თუ ვინმე გაბედავს, მსგავს ჯგუფებს ორგანიზება გაუწიოს, საზოგადოებას კითხვებზე ამომწურავი პასუხები უნდა ჰქონდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველოში დესტრუქციულ ჯგუფებს წარმატება არასოდეს ექნებათ.
აღნიშნულის შესახებ იონათამიშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საქართველოში აშშ-ის მოქალაქის არშემოშვებას ეხებოდა.
როგორც იონათამიშვილი ამბობს, საკითხის ირგვლივ საზოგადოებას ამომწურავი პასუხები უნდა ჰქონდეს.
„ჩვენს ქვეყანაში დესტრუქციულ და ექსტრემისტულ ჯგუფებს წარმატება არასოდეს ექნებათ, მაგრამ თუ ვინმე გაბედავს, რომ მსგავსი ჯგუფები წაახალისოს და ორგანიზება გაუწიოს, საზოგადოებას კითხვებზე ამომწურავი პასუხები უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება განცხადებებს, რომ ეს უკავშირდება ქართველი მოსამართლეების სანქცირებას, ცხადია, ამაზე ვერ ვისაუბრებთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილის ინფორმაციით, აშშ-ის მოქალაქე მარშალ ქომინსი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, შემჩნეული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებასა და მითითებებთან დაკავშირებულ საქმიანობაში.