რატი იონათამიშვილი - საქართველოს მტრის გარდა, არავინ იკადრებს ოკუპანტი ქვეყნის ჰიმნის გაჟღერებას დარბაზში, სადაც საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენას მოეწერა ხელი
რატი იონათამიშვილი - საქართველოს მტრის გარდა, არავინ იკადრებს ოკუპანტი ქვეყნის ჰიმნის გაჟღერებას დარბაზში, სადაც საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენას მოეწერა ხელი

ეს არ არის პროტესტის ფორმა, ეს არის ჩვენი ისტორიის შეურაცხყოფა, – ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ პარლამენტში რუსეთის ჰიმნის ჩართვას.

აღნიშნულ ფაქტს რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოეხმაურა.

„საქართველოს მტრის გარდა, არავინ იკადრებს ოკუპანტი ქვეყნის ჰიმნის გაჟღერებას პარლამენტის იმ დარბაზში, სადაც 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოეწერა საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ეს არ არის პროტესტის ფორმა, ეს არის ჩვენი ისტორიის შეურაცხყოფა“, – წერს ფრაქციის ხელმძღვანელი.

საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებმა რუსეთის ჰიმნი ჩართეს. ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაშინ შევიდნენ, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე წლიური ანგარიშის წარდგენისას პოლიტიკურ ოპოზიციაზე საუბრობდა.