რატი იონათამიშვილი - სანქციებზე საუბრისას ნებისმიერ სუბიექტს აქვს ვალდებულება, არგუმენტებიც მოიშველიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავს აქტორებს ეს საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აყენებს
ნებისმიერ სუბიექტს, რომელიც სანქციებზე ლაპარაკობს, აქვს ვალდებულება, შესაბამისი არგუმენტებიც მოიშველიოს. როცა ამას არ აკეთებს, მსგავს აქტორებს ეს საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აყენებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩის, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორ მაიკლ მაკფოლის განცხადებას.
კერძოდ, მაიკლ მაკფოლი „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს: „ჩვენს ჯგუფს ჯერ არ უმსჯელია ადამიანების დასანქცირებაზე სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ახლა სწორედ ამ საკითხზე ვიწყებთ მსჯელობას. განვიხილავთ ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან და მე ვფიქრობ, ეს უნდა გაკეთდეს. ჯერ ვერ ვისაუბრებ გვარებზე, რადგან ამის თაობაზე შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უეჭველად იქნებიან ინდივიდები თქვენს ქვეყანაში და ბელარუსში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები“.
რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ არგუმენტების გარეშე მსგავსი განცხადებები უპასუხისმგებლო განცხადებად ფასდება.
„ნებისმიერ სუბიექტს, რომელიც სანქციებზე ლაპარაკობს, აქვს ვალდებულება, შესაბამისი არგუმენტებიც მოიშველიოს. როცა ამას არ ახდენს, მსგავს აქტორებს ეს საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აყენებთ. ამიტომ, თითოეულმა უნდა გაათვითცნობიეროს – უნდა, იყოს ჭორაობის მხარეს, თუ სხვა ამოცანები აქვს. ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი არგუმენტი, შესაბამისად, არგუმენტების გარეშე მსგავსი განცხადებები ფასდება, როგორც უპასუხისმგებლო განცხადება“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.