რატი იონათამიშვილი - სამწუხაროდ, ვეტოს გამოყენება ხდება გემოვნებით და არა არგუმენტებზე დაფუძნებით, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დაველოდებით, ვეტოს დაძლევა ძნელი არ იქნება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა ძნელი არ იქნება.
მისივე თქმით, ჩვენს შემთხვევაში ვეტოს გამოყენება ხდება გემოვნებით და არა არგუმენტებზე, პოზიციებზე დაფუძნებით.
„არარელევანტურია და კრიტიკას ვერ უძლებს ის პრაქტიკა, რაც საქართველოში ვეტოსთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა. ეს მექანიზმი დიდ პასუხისმგებლობას და მაღალ სტანდარტს გულისხმობს. სამწუხაროდ, ჩვენს შემთხვევაში ვეტოს გამოყენება ხდება გემოვნებით და არა არგუმენტებზე, პოზიციებზე დაფუძნებით. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დაველოდებით და მისი დაძლევა ძნელი არ იქნება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო.