რატი იონათამიშვილი - სამდღიანი პროცესის შემდეგ, საზოგადოებამ დაინახა, ვინ და რატომ არის კონსტიტუციის დამრღვევი, ეს არის ქალბატონი პრეზიდენტი, ველოდებით ორშაბათს სასამართლოს გადაწყვეტილებას
რატი იონათამიშვილი - სამდღიანი პროცესის შემდეგ, საზოგადოებამ დაინახა, ვინ და რატომ არის კონსტიტუციის დამრღვევი, ეს არის ქალბატონი პრეზიდენტი, ველოდებით ორშაბათს სასამართლოს გადაწყვეტილებას

სამდღიანი პროცესის შემდეგ, საზოგადოებამ უკვე გამოიტანა თავისი ვერდიქტი და ძალიან ნათლად დაინახა, ვინ და რატომ არის კონსტიტუციის დამრღვევი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს იყო ძალიან საინტერესო პროცესი. მნიშვნელოვანია, როდესაც კონსტიტუციის მთავარი გარანტი ხდება კონსტიტუციის მთავარი დამრღვევი, ამას შესაბამისი შეფასება მოჰყვეს. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამ სამდღიანი პროცესის შემდეგ საზოგადოებამ უკვე გამოიტანა თავისი ვერდიქტი და ძალიან მარტივად, ნათლად დაინახა, ვინ და რატომ არის კონსტიტუციის დამრღვევი. ეს არის ქალბატონი პრეზიდენტი. ახლა უკვე, ამას უნდა მოჰყვეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენ ველოდებით ორშაბათს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

მისი თქმით, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს და ოპოზიცია ამას გაემიჯნება, ამით კიდევ ერთი ლუსტრაცია მოხდება, რომ დღეს, პრეზიდენტს და ოპოზიციას ერთი დამკვეთი ჰყავს, მათ თითოეულ გადაწყვეტილებას დამკვეთი იღებს და სინამდვილეში, გადაწყვეტილების მიმღები არც პრეზიდენტია და არც ოპოზიცია.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მმართველ გუნდს ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს და პროცესი საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ როდესაც ასეთი უპასუხისმგებლო, არაევროპული ოპოზიცია გყავს, მათგან კონსტრუქციული ქმედებების მოლოდინი ყოველთვის ნაკლებია.

„მეორე მხრივ, ჩვენ ვნახეთ, როგორი ღრმა უნდობლობა აქვთ ერთმანეთში. იმისიც კი ეშინიათ, დარბაზში შევიდნენ. როდესაც შენს თანაგუნდელებს არ ენდობი, ცხადია, ლოგიკურად ჩნდება კითხვა, სხვა რატომ უნდა გენდოს შენ? ის ამომრჩეველიც კი, რომელიც დღემდე შენი ერთგული რჩებოდა, ამის შემდეგ რატომ უნდა გენდოს, როდესაც ამ ადამიანებში ნდობა საერთოდ არ არსებობს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ იმპიჩმენტის საკითხი დადგა და მას მხარი მათ შორის, ოპოზიციამაც დაუჭირა, ელოდება თუ არა „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციაში გადანაცვლებას, იონათამიშვილმა განაცხადა, რომ მათთვის, ვინც დღეს სალომე ზურაბიშვილს დავალებებს აძლევს, ზურაბიშვილი საინტერესოა იმ პოსტიდან, რა პოსტიც მას აქვს და ამ პოსტის გარეშე მას მათთვის ფასეულობა ეკარგება.

„იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში, ის ვერ იქნება დესტრუქციულობის გამაღვივებელი, როგორც პრეზიდენტის პოსტიდან არის და ეს მიზანიც აქვთ მათ. რეალურად, ამას დიდი მნიშვნელობაც არ აქვს, რადგან ზურაბიშილი ოპოზიციაში გადავა და ისე იყრის კენჭს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენი საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და შესაბამისია რეიტინგი, როგორც მისი, ისევე სხვა აქტორების, ვისგანაც დიდი ხანია, ძერწავდნენ ოპოზიციის ლიდერებს. მათ, ფაქტობრივად, ნებისმიერი ეს პროექტი ჩაუვარდათ და ცხადია, ზურაბიშვილიც ამ ალბომიდან არის“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

შეკითხვაზე, „რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევას აღიარებს, კონსტიტუციურ ჩარჩოში მოექცევა და არის თუ არის პროცესის შეჩერების რესურსი პროცედურულად“, იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი თუ აღიარებს კონსტიტუციის დარღვევას და ერთგვარად, მოინანიებს, შეიძლება, ამან იმპიჩმენტის კენჭისყრის დროს მმართველი გუნდის დამოკიდებულება შეცვალოს, თუმცა იმპიჩმენტის საკითხი რეგლამენტის მიხედვით კენჭისყრაზე აუცილებლად დადგება.