რატი იონათამიშვილი - სახელმწიფო კორუფციასთან ბრძოლის სფეროში ქმედით ნაბიჯებს დგამს
თითოეული საქმიანობა, რაც კორუფციის მინიმუმამდე დაყვანასთან და აღმოფხვრასთან არის დაკავშირებული, ეფექტურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაზე საუბრისას განაცხადა.
რატი იონათამიშვილის თქმით, სახელმწიფო კორუფციასთან ბრძოლის სფეროში ქმედით ნაბიჯებს დგამს.
„სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს დგამს კორუფციასთან ბრძოლის სფეროში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშებსაც გავეცნობით, ნამდვილად ეფექტურად მიმდინარეობს თითოეული საქმიანობა, რაც კორუფციის მინიმუმამდე დაყვანასთან და აღმოფხვრასთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ, ეს მომავალშიც გაგრძელდება. საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ხელშეუხებელი არავინ არ არის. ვინც გაბედავს და კორუფციულ გარიგებაში ან დანაშაულში იქნება ეჭვმიტანილი, მკაცრი რეაგირება იქნება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ კორუფციის აღქმის ინდექსი გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, საქართველოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს. ორგანიზაციის ახალ ანგარიშში საქართველოს 100 ქულიდან 56 აქვს მინიჭებული.