რატი იონათამიშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს აქვს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მნიშვნელობა, რადგან პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა და ბიზნესგარემო
რატი იონათამიშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს აქვს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მნიშვნელობა, რადგან პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა და ბიზნესგარემო

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს აქვს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მნიშვნელობა, რადგან პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა და ბიზნესგარემო, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განუცხადა.

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, ვინმე თუ ცდილობდა, რომ ნეგატიურად წარმოეჩინა, თითქოს, საქართველო არ არის საერთაშორისო სანქციებთან მიერთებული და აქ არის „შავი ხვრელები“, ამ ანგარიშმა მსგავს დისკუსიებს წერტილი დაუსვა.

„გამოწვევად დასახელებულია ის, რომ სწრაფი გადაწყვეტილების მიღება არ ხდება სასამართლოში, ეს არის მთავარი გამოწვევა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რაც დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე, რაც 12 რეკომენდაციის ფარგლებში უნდა გადაიჭრას. გვახსოვს, ჩვენი ოპონენტები როგორ გამალებით ცდილობდნენ, რამენაირად საქართველოს რეპუტაცია დაეზიანებინათ საერთაშორისო დონეზე და განსაკუთრებული აქტივობა ჰქონდათ, როცა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე იყო მსჯელობა. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ საფინანსო სისტემა გამართულად მუშაობს და ნებისმიერი დისკუსია არის ჰიბრიდული ომი, რაც ჩვენი ოპონენტების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგო უშედეგოდ წარმოებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები კარგია, მიუხედავად გამოწვევებისა, ქვეყანა რეგიონში მაღალ ადგილს იკავებს, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი.