რატი იონათამიშვილი - „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზეც ჩავარდება, რადგან კონსტიტუციასთან ჰარმონიაში არ მოდის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, 13 დეპუტატის მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზეც ჩავარდება, რადგან კონსტიტუციასთან ჰარმონიაში არ მოდის.
როგორც ჟურნალისტებს იონათამიშვილმა განუცხადა, ინიციატივა იმისთვის არის წარდგენილი, რომ საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში ყოფილიყო და არა იმიტომ, რომ სასამართლო სისტემაში პროცედურები და სტანდარტები რეალურად გაუმჯობესებულიყო.
„ცვლილებები კონსტიტუციის ტესტს ვერ აბარებს და მხარდაჭერილი ვერ იქნება. თითოეულ იურისტს იმის უფლება აქვს, რომ პარლამენტში განსახილველად საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს. ეს ძალიან აბსურდული პრინციპია და სახელისუფლო დანაწილების პრინციპს ეწინააღმდეგება. მოუმზადებელი კანონპროექტის შემოტანა მისი სამი მოსმენით გატანას არ ემსახურება. დარწმუნებული ვარ, კანონპროექტი პლენარულ სხდომაზეც ჩავარდება, რადგან კონსტიტუციასთან ჰარმონიაში არ მოდის. ეკა ბესელია ტოლობის ნიშანს ძალიან ბევრ რამეზე სვამს, მაგრამ მას შემდეგ, რაც „ფრესკოს“ დირექტორის მიმართვამ შინაგანად შეძრა და ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით შემოიფარგლა, ეს მგონია, რომ ფასეულობებისგან დაშორების პროცესია”, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებული კანონპროექტი დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ჩავარდა, თუმცა პროექტს პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე მაინც განიხილავენ.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 13 დეპუტატის მიერ მომზადებულ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.