რატი იონათამიშვილი - სადაც უნდა ვიყოთ, პარლამენტში, საკუთარ სახლში, არის რაღაც, რასაც არასდროს უნდა გადავიდეთ
რატი იონათამიშვილი - სადაც უნდა ვიყოთ, პარლამენტში, საკუთარ სახლში, არის რაღაც, რასაც არასდროს უნდა გადავიდეთ

სადაც უნდა ვიყოთ, პარლამენტში, საკუთარ სახლში, არის რაღაც, რასაც არასდროს უნდა გადავიდეთ და რაც ნებისმიერ გარემოებაში უნდა დავიცვათ, ეს არის პირადი ღირსება, პირადი განწყობა, ზოგადად ყველაფრისადმი. ეს არის ის, რაც ნებისმიერ სხვა სივრცეში და ნებისმიერ დროში ადამიანისთვის უცვლელი უნდა იყოს, – ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე შეკრებილებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა.

კომიტეტზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავდნენ.

იონათამიშვილის თქმით, ერთმანეთის შეურაცხყოფითა და სარკაზმით საუბრით საზოგადოებას ცუდ მაგალითს აჩვენებენ.

„მესმის რომ შეიძლება ერთმანეთი არ მოგვწონდეს, შეიძლება ერთმანეთს პატივსაც არ ვცემდეთ, მაგრამ ერთმანეთს რომ ვაყენოთ შეურაცხყოფა, სარკაზმით, ირონიით მივმართოთ, მგონია, რომ ძალიან ცუდ მაგალითს ვაჩვენებთ საზოგადოებას. ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვიხდება. ძალიან უხერხულია და ყველას მინდა მოგიწოდოთ, რომ თუ რამე არ მოგვწონს, არავის გვაკლია ლექსიკის მარაგი, ჩვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოვხატოთ ჩვენი სიტყვებით რაც არ მოგვწონს

საზოგადოება გვიყურებს, ის განსჯის მერე და იტყვის, მაგრამ სამი დღეა ამას ვუყურებ. არ მიყვარს ესეთი ტერმინებით ლაპარაკი, მაგრამ ყველანაირი მცდელობაა, კონსტრუქციული საუბარი გადავიდეს რაღაც სარკაზმში, გადავიდეს რაღაც სიცილში, რომ ვიღაცას ნერვებმა უმტყუნოს და ისეთი არგუმენტებით არ ისაუბროს, როგორი არგუმენტებითაც შეუძლია საუბარი.

მინდა, ყველას მოგიწოდოთ, ეს ტრიბუნა მარტო ჩვენ არ გვეკუთვნის. ჩვენ ყველაზე ნაკლებად გვეკუთვნის. პირველ რიგში ეკუთვნის ჩვენს მოსახლეობას, ახალ თაობას, ვინც ჩვენ გვიყურებს, ვინც მაგალითი უნდა აიღოს ჩვენგან და ვინც ნებისმიერი აკადემიური განხილვისთვის უნდა ნახოს, რა არის კარგი“,- აღნიშნა იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, დეპუტატებმა საკუთარ თავს არ უნდა აკადრონ ის, რაც სხვისგან არ მოეწონებათ.

„ნუ გავხდებით მონაწილე ისეთი ბუფონადის, რომელსაც მხატვრული ღირებულებაც არ ექნება. ერთმანეთს თუ არა საკუთარ თავს მაინც გავუფრთხილდეთ, რომ საკუთარ თავს არ ვაკადროთ ის, რაც სხვისგან არ მოგვეწონებოდა. ჭკუას არავის ვარიგებ და არ ვკადრულობ, რომ მენტორული ტონით გელაპარაკოთ და ზნეობრივი სიმაღლიდან ვილაპარაკო. ამას არასდროს არ ვაკადრებ საკუთარ თავს, რადგან მაშინ ვინმეზე უკეთესი უნდა მეგონოს ჩემი თავი და ასე ნამდვილად არ მგონია. უბრალოდ გულწრფელად რაც არ მომწონს ვალდებული ვარ, გითხრათ. ამას გაითვალისწინებთ? კარგი იქნება, არ გაითვალისწინებთ და ეს სიკეთეს არავის არ მოუტანს“,- აცხადებს იონათამიშვილი.

უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიას მიმართა, არ შეიძლება რაც არ მოსწონს, ყველას შეაწყვეტინოს.

ამასთან, მისივე თქმით, ანრი ოხანაშვილზე პიროვნული შეტევა პირადი ინტერესით არის ნაკარნახები.

„დიდი ხანი არ არის რაც ვიცნობ ანრი ოხანაშვილს, მაგრამ პიროვნული შეტევები ანრი ოხანაშვილზე მგონია, რომ არის ნაკარნახები პირადი ინტერესით, რომ ეს ადამიანი დააზიანო, ან იმის ინტერესი გაქვს, რომ რაღაც სხვაგან წაიყვანო ეს სიტუაცია. უფრო მეტად ალბათ ის, რომ პიროვნულად დააზიანო. ადამიანი გამოდის, ამდენი ხანი დგას ჩვენ წინაშე, პასუხისმგებლიანი ადამიანია, პასუხისმგებლობით ეკიდება ყველა თავის სიტყვას, თავის მოსაზრებას და მაგალითად, გულწრფელად ვამბობ, ეკაც დამეთანხმება და სხვებიც დამეთანხმებიან, რომ ვიოცნებებდი წლების წინ, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირს ასე ელაპარაკა ჩვენთან.

დღეს არის ასეთი პრეცედენტი და ძალიან კარგია. ეკა, არ შეიძლება, რაც არ მოგწონს ყველას შეაწყვეტინო. თუ ვინმე ლაპარაკობს ცუდს და არასწორს, საზოგადოება განსჯის და გამოუტანს განაჩენს. თუ საზოგადოებას არ მოეწონება მე რას ვილაპარაკებ, ვანო რას ილაპარაკებს, გედი რას ილაპარაკებს, ამას საზოგადოება გამოუტანს განაჩენს, ჩვენი განცხადებებისა და პოზიციებიდან გამომდინარე. ამის თქმა მინდა თუ გამიგებთ, თუ არ გამიგებთ, ესეც არ იქნება პრობლემა“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.